ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.
„ამ დილას, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ - ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - წერს ალან ბერსე პლატფორმა X-ზე.
ამავე განცხადების თანახმად, ის ხვალ, 19 დეკემბერს, შეხვედრებს გამართავს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ბიძინა ივანიშვილი გასულ კვირაში ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები. ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.
"საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას - თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას", - ვკითხულობთ საბჭოს სამშაბათის განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იმართება, თუმცა 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, დემონსტრაციები სისტემატური გახდა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დადგება. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა სპეცსაშუალებების გამოყენებით აქციები არაერთხელ დაშალეს და 400-ზე მეტი პირი დააკავეს. დაშავებულია არაერთი დემონსტრანტი და მედიის წარმომადგენელი. პროტესტის მონაწილეები მათ ცემაზე და დაკავებისას, თუ დაკავების შემდეგ შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე საუბრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ძალა და სპეცსაშუალებები დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენეს.