ევროკავშირის ქვეყნებმა ორშაბათს საბოლოოდ დაუსვეს ბეჭედი წინადადებას, რომელიც გაერთიანების სათბური გაზების ემისიების შეზღუდვის სამიზნეს, კანონით განსაზღვრავს.
აპრილში, ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს კლიმატის საკითხებზე შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, გაერთიანება გეგმავს 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი 55%-ით შეამციროს, 1990 წლის დონესთან შედარებით, ხოლი 2050 წლისთვის მთლიანად აღმოფხვრას.
27 ქვეყნის მინისტრებმა შეთანხმება ოფიციალურად ორშაბათს დაამტკიცეს, ბულგარეთის გამოკლებით, რომელმაც თავი შეიკავა.
კანონის მიზანი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაა და ის ამ კუთხით, გასატარებელი პოლიტიკის დიდ პაკეტს მოიცავს. ამ გადაწყვეტილებით, ევროკომისიას მოუწევს წინა პოლიტიკის შეცვლა და ახალი წესების მიღება, იქნება ეს ენერგო სექტორის, ტრანსპორტის თუ განსახლების კუთხით. კომისიის წინადადებები, რომელსაც ის 14 ივლისს წარადგენს, ასევე მოიცავს, ნახშირჟანგის (CO2) ბაზრის რეფორმას, ახალი მანქანებისთვის უფრო მაღალ სტანდარტებს ამ კუთხით და განახლებადი ენერგიის უფრო ამბიციურ გეგმას.
კლიმატის კანონი ასევე ავალდებულებს ბრიუსელს, შექმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კლიმატის პოლიტიკაზე გაერთიანებას რჩევებს მიაწვდის.
ევროპარლამენტმა კანონს მხარი გასულ კვირას დაუჭირა. პარლამენტმა და წევრი სახელმწიფოებმა ფორმალურად ტექსტს ხელი უნდა მოაწერონ, სანამ ის კანონად იქცევა.
Facebook Forum