ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა "Dozortsev and Sons" სასამართლოთი ემუქრება


ხვანჭკარაზე და ქინძმარაულზე აშშ-ში ყველა უფლებას Dozortsev and Sons ფლობს
ხვანჭკარაზე და ქინძმარაულზე აშშ-ში ყველა უფლებას Dozortsev and Sons ფლობს

ამერიკის კონტინენტზე „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულზე“ ყველა უფლებას ოდესელი ემიგრანტის კომპანია ფლობს

საქართველოში შეიძლება ოფიციალურად დაიწყოს გამოძიება, იმის დასადგენად, თუ როგორ შეძლო ამერიკულმა კომპანია „დოზორცევმა და შვილებმა“ Dozortsev and Sons უნიკალური ქართული ღვინოების „ხვანჭკარისა“ და „ქინძმარაულის“, საკუთარ სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირება.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა 2011 წლის დასაწყისში მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო ბიუროს, 18 დასახელების ქართული ღვინის ქართულ სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირების შესახებ.

სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ამერიკის ორივე კონტინენტსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში „ხვანჭკარისა“ და „ქინძმარაულის“ შეტანის, ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ელიზაბეტში რეგისტრირებული კომპანია „დოზორცევი და შვილები“ ფლობს.

ეს კომპანია 1974 წელს საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში ემიგრირებული ოდესელი ბიზნესმენის ევგენი დოზორცევის ოჯახის საკუთრებაა. საქპატენტის თავჯდომარე ირაკლი ღვალაძე ამბობს

„დოზორცევს აქვს ექსკლუზიური უფლება სასაქონლო ნიშანზე, რასაც ჰქვია „ხვანჭკარა“. შესაბამისად, ამ ამერიკულ კომპანიას შეუძლია საერთოდ აკრძალოს „ხვანჭკარის“ ნიშნით, ამერიკის კონტინენტზე საქონლის შეტანა ან შეუძლია სხვა სახის სასმელს დაარქვას „ხვანჭკარა“ და ჩამოსხას. ამასაც ვერავინ გაუკონტროლებს, იმიტომ, რომ „დოზორცევი“ არის სასაქონლე ნიშნის მეპატრონე.“

„დოზორცევი და შვილების“ ოფიციალური ვებ-საიტიდან ირკვევა, რომ ღვინის იმპორტის ბიზნესი დოზორცევებმა 1995 წელს, სწორედ საქართველოდან დაიწყეს. დღეს, უკვე კომპანიას სხვა და სხვა ალკოჰოლური სასმელები ამერიკაში მსოფლიოს ოცამდე ქვეყნიდან შეაქვს. გაყიდვაში აქვთ თორმეტი დასახელების ქართული ღვინო, ორი დასახელების ქართული კონიაკი და ქართული არაყი ჭაჭა.

დოზორცევის „ქინძმარაულის“ ფასი ამერიკის სუპერმარკეტებში 10 დოლარია, „ხვანჭკარის“ ფასი კი 9 დან 18 დოლარამდე მერყეობს. დღემდე კომპანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში. 3 500 00 ბოთლი ქართული ღვინის იმპორტი განახორციელა.

ევგენი დოზორცევი
ევგენი დოზორცევი

Dozortsev and Sons-ის პრეზიდენტი ამტიცებს რომ საქართველოს კუთვნილი უნიკალური ბრენდები მხოლოდ ქართული ღვინის ფალსიფიცილებისგან დასაცავად დაარეგისტრირა. ევგენი დოზორცევი კერძოდ ამბობს

„მე მათთვის არ დამისწია, მე გავაკეთე ჩემი საქმე. ეს იყო 10 წლის უკან. მათ არ უნდა ეძინათ ათი წელი დახუჭული თვალებით და არ ეფიქრათ საქართველოს სიმდიდრეზე. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის გასაცნობად, გვქონდა ლატარეია ამერიკის მთელ ტერიტორიაზე, როცა ჩვენი მომხმარებელი ქართული ღვინის ბოთლს ხსნიდა, ის ავტომატურად მონაწილეობდა მომგებიან გათამაშებაში.

ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ამერიკელებს და აქ მცხოვრებ რუსებს საშულება ჰქონოდათ გაცნობოდნენ ნამდვილ ქართულ ღვინოებს. მე არ ვაპირებ წინააღმდეგობა გავუწიო საქართველოს მთავრობას და ქართველი მეღვინეების გეგმებს.

რა თქმა უნდა მე მოხარული ვიქნები თუ ამერიკაში შეწყდება ფალსიფიცირებული ქართული ღვინოს შემოტანა. ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილნი ვართ ქართველი ხალხის მიმართ, გვიყვარს საქართველო და ქართული ღვინოები. ჩემი აზრით, ქართველებთან მოვილაპარაკებთ, ერთადერთი ეს მოლაპარაკება ორივე მხარისთვის ურთიერთ სარგებლიანი უნდა იყოს“

ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო ბიურომ „დოზორცევს და შვილებს“ „ხვანჭკარის“ სასაქონლო ნიშანი 2006 წლის მაისში დაურეგისტრირა. ბიუროში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ „დოზორცევს“ ყველა უფლება „ხვანჭკარაზე“ ამბროლაურის რაიონში რეგისტრირებულმა შპს „რაჭულმა ღვინომ“ გადასცა, რომელიც სოფელ ჭრებალოს ღვინის ქარხანას ფლობს.

ამ შეთანხმებას ხელს „რაჭული ღვინის“ ყოფილი დირექტორი ომარ ჭელიძე აწერს. ინფორმაციას ადასტურებს ევგენი დოზორცევიც, რომელიც ამბონს, რომ ჭელიძემ ეს უფლებები მისი რაჭაში ვიზიტის დროს გადასცა, თავად ომარ ჭელიძე ამბობს, რომ ასეთი სახის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია

„ჩემი ხელმოწერა ასეთი სახის დოკუმენტზე არ არის, არცერთ შემთხვევაში არ იქნება. ან, თუ მომცეს დოკუმენტი და მართლაც მომაწერინეს ხელი მაშინ სხვა რამე გადამითარგმნეს და ხელშეკრულების შინაარს არ ვიცნობდი.“

საქართველოს მთავრობამ და საქპატენტმა უკვე გააფრთხილეს ამერიკული კომპანია, რომ ნებაყოფლობით დათმოს ამერიკის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული „ხვანჭკარის“ სასაქონლო ნიშანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.

თავის მხრივ, დოზორცევი ქართულ მხარეს მოლაპარაკებას სთავაზობს და სავარაუდოდ კომპესაციას მოითხოვს. საქპატენტის თავჯდომარე ირაკლი ღვალაძე ამბობს

„ჩვენ, რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ, რომ ეს ამერიკული კომპანია წლების განმავლობაში ეწეოდა ქართული ღვინის დისტუბუციას. რაც ხაზსგასმით აღსანიშნავია, ყველგან გამოფენებზე, საიტებზე დოზორცევი მონაწილეობდა, როგორც ქართული ღვინის სახელით და პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ღვინოს.

შესაბამისად, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ კომპანიას მივცეთ ქართული ბრენდის გამოყენების უფლება. მაგრამ, ის, რომ ეს ბრენდი საქართველოსი უნდა იყოს აქ ორი აზრი არ არსებობს.

ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია უკვე დავიწყეთ, დაქირავებული გვყავს ამერიკული საადვოკატო ფირმა და ისინი გვეხმარებიან ყველა პროცედურაში რაც რეგისტრაციისთვის საჭიროა. რაც შეეხება ამ ერთ ბრენდს - „ხვანჭკარას“ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ ეს შედეგს არ მოგვცემს მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით სასამართლოს მივმართოთ.“

ჯერჯერობით დავა მხოლოდ „ხვანჭკარის“ სასაქონლო ნიშანზე მიდის, თუმცა „დოზორცევი და შვილები“ ამერიკის კონტინენტზე ზუსტად ანალოგიური უფლებებს ფლობს „ქინძმარაულზეც“.

ეს ქართული ბრენდი ამერიკულმა კომპანიამ უფრო ადრე 2002 წლის სექტემბერში დაარეგისტრირა. „დოზორცევი და შვილების“ პრეზიდენტი საქპატენტს მოლაპარაკებას მაისში სთავაზობს, როცა საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა.

XS
SM
MD
LG