ვაშინგტონში დაფუძნებული კარნეგის ცენტრის ექსპერტი ტომას დევაალი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს, ანალიტიკური გამოცემის „ნეშნალ ინტერესტის“ ელექტრონურ ვერსიაში გამოქვეყნებულ წერილში - „ქალბატონი კლინტონი საქართველოში მიემგზავრება“ - სახელმწიფო მდივნის ტურნეს იხილავს. სტატია, რომელიც ამერიკელი დიპლომატის სომხეთში ჩასვლამდე ადრე გამოქვეყნდა, ყურადღებას ამახვილებს აშშ-საქართველოს შორის აქამდე არსებულ ურთიერთობებზე და იმ კონტექსტზე, რომელშიც კლინტონის მოგზაურობა ვითარდება.
დევაალის განცხადებით, ბოლო ოცი წელია საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს მჭიდროდ დაუახლოვდა. ავტორის მინიშნებით, ეს გარკვეულწილად საქართველოს ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტების პირადი, ახლო მეგობრობის ფონზე განვითარდა ამერიკის ყოფილ პირველ პირთან. თუმცა, დღევანდელი თეთრი სახლი ქართველ ლიდერთან ურთიერთობაში პირადულის ნაცვლად პროფესიონალურ და ინსტიტუციონალურ ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას. დევაალის განცხადებით, ობამა-სააკაშვილის პირველი შეხვედრისას თეთრ სახლში, მიმდინარე წლის იანვარში, ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ ლიდერს მიუთითა, რომ ძალაუფლების ფორმალური გადაცემა საქართველოში განამტკიცებს გატარებულ რეფორმებს. თუმცა, დევაალი მაინც ფიქრობს, რომ საქართველო დრამების, სანახაობების და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ქვეყანაა, სადაც ახლა სწორედ ანალოგიური მდგომარეობაა, როცა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დებიუტმა ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციას აქტიურობა შესძინა.
დევაალი აგრძელებს, რომ ივანიშვილი მძაფრ ბრძოლას არამხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ - ვაშინგტონშიც აგრძელებს და დაქირავებული ლობისტების საშუალებით ქართული ოცნების კოალიციის წარმოჩენას ცდილობს. ტომას დევაალი მონდომებას არც საქართველოს მთავრობას უწუნებს და გვეუბნება, რომ ხელისუფლების მიერ დაქირავებული „პოდესტას“ ლობისტური ჯგუფი ბატონი ივანიშვილის მიერ დაქირავებულ „პატონ ბოგს“ არ უდებს ტოლს. ავტორის აზრით, საქართველოში დღეს დაპირისპირებული მხარეები ჩვეულებრივი ოპონენტები არ არიან, არამედ სამკვდრო-სასიცოცხლო მტრები და ორივე მხარის მტკიცებით, მხოლოდ მათი გამარჯვებით დასრულდება საარჩევნო პროცესი, რამეთუ მეორე მხარე არალეგიტიმურია და მას ადგილი პოლიტიკურ ცხოვრებაში არ უნდა ჰქონდეს. დევაალი ფიქრობს, რომ ასეთ პოლარიზებულ სიტუაციაში ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონის მესიჯი კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა მიიტანოს საქართველომდე. რადგან, როგორც ისტორია გვაჩვენებს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს: ქართველებს ამერიკული მხარისგან ნათლად უნდათ იმის მოსმენა, თუ რას ფიქრობს ვაშინგტონი მომავალი არჩევნების შესახებ.
ამ კონტექსტში, სტატიის ავტორის განცხდებით, კლინტონისგან ყველა ელის პოზიტიური რეფორმების კიდევ ერთხელ აღიარებას, იმის შეხსენებას ქართველი ლიდერისთვის, რომ საქართველო უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ თვითონ, აქცენტებს რომ საქართველოში თანაბარი საარჩევნო პირობები მიეცემა ყველას, რომ არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღის ორგანიზებით არ შემოიფარგლება, და სავარაუდოდ, გავიგებთ ოპოზიციური პარტიებისადმი მეგობრულ რეკომენდაციას, რომ მათ არჩევნების შედეგები უნდა მიიღონ, თუ ეს პროცესი მეტნაკლებად სამართლიანი იქნება. თუმცა, როგორც დასკვნაში უთითებს ტომ დევაალი, თუკი ვაშინგტონს მართლაც სჯერა საქართველოში არამარტო პიროვნებების, არამედ პროცესების მხარდაჭერის, მაშინ მან კარგად უნდა გაითვალისწინოს, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას ამერიკის მხრიდან ახალი, მკაფიო და გაუფილტრავი გზავნილების მოსმენა ესაჭიროება.
ამერიკული პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ სტატიით - „სახელმწიფო მდივნის რთული ამოცანა“, რომელიც „ნეშნალ ინტერესტის“ გუშინდელ ნომერში „ჰერითიჯის ფონდის“ ანალიტიკოსმა არიელ კოენმა გამოაქვეყნა. კოენი სკანდინავიასა და კავკასიაში კლინტონის ვიზიტისას განსახილველ ძირითად თემებზე საუბრობს და იმ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა დაძლევა კლინტონს დიპლომატიურად მოუწევს. სომხეთში, კოენის აზრით ეს იყო მინსკის ჯგუფის ეგიდით სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მოწოდება. მოლაპარაკებების შედეგად უნდა მოხდეს კომპრომისის მიღწევა და სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვონ, რაც ასობით ათას დევნილს შინ დაბრუნების საშუალება მისცემს. სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მხარეებს ნათლად უნდა დაანახოს რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამავალ საზღვარზე მიმდინარე ძალადობამ შესაძლოა უფრო მასშტაბურ, რეგიონალურ დაპრისპირებამდე მიიყვანოს საქმე - წერს კოენი. ამას გარდა, აზერბაიჯანში არიელ კოენის აზრით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანტიტერორისტული დახმარების ვრცელი პროგრამის დაწყების ინიციატივა უნდა წამოაყენოს, სპეცდანიშნულებისა და უსაფრთხოების ძალების ტრენინგისა და მათთვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის ჩათვლით და ხაზი გაუსვას სამართლიანი მმართველობის, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და მთავრობის მოქმედებების გამჭვირვალობის მნიშვნელობას.
რაც შეეხება საქართველოს, „ჰერითაჯის ფონდის“ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამერიკის მხარდაჭერის დაფიქსირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მოსალოდნელია, ისევე როგორც ჰილარი კლინტონის მიერ რუსეთის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიზნით. თუმცა, ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შესაძლოა უხერხულობა შეექმნას - მტკიცედ დაიცვას საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეა მაშინ, როცა ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას აწარმოებს, წერს არიელ კოენი.
და ბოლოს: ავტორის თქმით, ჰილარი კლინტონი თანამდებობის დატოვებას აპირებს ნოემბერში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია სტრატეგიულად დაქსასულ და დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს ტოვებს. არიელ კოენის აზრით, ამერიკას ახლა ბევრი მტერი და გულმოსული მეგობარი ჰყავს. ჰილარი კლინტონი კი, თავისი ბოლო ვიზიტისას რეგიონში, ამ ტენდენციის შეტრიალებას უნდა შეეცადოს - ასკვნის ის.