ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში საქართველოდან ყარაჯალელი ქალებიც წავიდნენ


სირიაში წასული ორი მანდილოსანი სოფელ ყარაჯალიდან არიან
სირიაში წასული ორი მანდილოსანი სოფელ ყარაჯალიდან არიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე სწავლობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას ორი მკვიდრის გაუჩინარების საქმეს. არაოფიციალური ინფორმაციით, დიანა ღარიბოვამ და ელმირა სულეიმანოვამ ოჯახები მიატოვეს და სირიისკენ გაემგზავრნენ, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან შეერთების მიზნით.

საქართველოს მოქალაქეები ღარიბოვა და სულეიმანოვა ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, აღმსარებლობით - მუსლიმი სუნიტები. ისევე, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფლის ყარაჯალას მცხოვრებთა უმრავლესობა. ორივე მანდილოსანი დაოჯახებულია, ორივეს ჰყავს მეუღლე და სამ-სამი შვილი. ისინი ბოლოს თბილისში აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობდნენ.

შსს ადასტურებს რომ ღარიბოვამ და სულეიმანოვამ ქვეყანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დატოვეს და ბოლო ინფორმაციით, თურქეთის ადანას პროვინციაში იმყოფებიან, რომელიც უშუალოდ სირიას ესაზღვრება. გადალახეს თუ არა მათ თურქეთ-სირიის საზღვარი უცნობია.

ქალბატონების ოჯახებში აცხადებენ, რომ თითქოს ისინი თურქეთში სავაჭროდ წავიდნენ და რამდენიმე დღეა, მათთან კონტაქტი დაიკარგა. თუმცა, არის სხვა ვერსიაც, რომ ღარიბოვამ და სულეიმანოვამაც საკუტარ ოჯახებში წერილები დატოვეს, სადაც მათი გადაწყვეტილების მიზეზებს ხსნიან და ითხოვენ, „ბავშვებს მიხედონ“. სოფელ ყარაჯალას სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა ამბობს:

„სამწუხაროდ, გავიგე ეს ამბავი, რომ ამ გოგონებს თითქოს ოჯახები და შვილები მიუტოვებიათ და ვითომ სირიაში წასულან. მაგრამ უკვე გადავიდნენ სიარიაში თუ ისევ თურქეთში არიან ეს არ ვიცით. სოფელში არ ცხოვრობდნენ, ერთ-ერთი ჩვენი კურსდამთავრებულია, მერე უნივერსიტეტშიც ჩააბარა, კარგად სწავლობდა, არ ვიცი რა დაემართა, არის ინფორმაცია, რომ ისლამის სხვა მიმდინარეობას აღიარებდნენ, ზუსტად არ ვიცი, ოჯახები უკვე ეძებენ.“

„ყველა შოკში ვართ, არანაირი ნიშანი არ ყოფილა რომ ასეთ რამეს გააკეთებდნენ, ძალიან კარგი ოჯახებიდან არიან, არც უჭირთ, არც არაფერი, არანაირი ნიშანი არ ყოფილა, რომ ამას გააკეთებდნენ“ - ამბობს გოგონების ნათესავი მარი ნაბიევა.

მაისში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოდან სირიაში ქალბატონების წასვლაზე ვრცელდება ინფორმაცია. მანამდე პანკისის ხეობიდან სირიაში, მშობლების ნებართვით, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 11-ე კლასელი გოგონა წავიდა.

არასრულწლოვანი, 17 წლის ქალიშვილი, სირიის ერთ-ერთ რეგიონში მებრძოლ თანასოფლელ ბექა ტოხოსაშვილზე გათხოვდა. ტოხოსაშვილი უკვე მეორე წელია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის.

ექსპერტთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მოქალაქე, ისლამის მიმდევართა უდიდესი უმრავლესობა რელიგიურ განათლებას, ან უცხოეთში, ძირითადად, ისლამურ ქვეყნებში, ანაც ადგილზე, მედრესეებში იღებს, სადაც სწავლება, ასევე უცხოეთიდან შემოტანილი რელიგიური სახელმძძღვანელოებით მიმდინარეობს.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ საქართველოში არსებული ისლამური განათლების ცენტრები, საქართველოს განათლების სამინისტროს მკაცრ რეგულაციებში მოექცეს.

„სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ უკვე 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა ჩართული, სირიაში, მიმდინარე კონფლიქტში, ისინი იბრძვიან ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და არც მალავენ ამას, ბევრ დაჯგუფებაში ჩვენს მოქალაქეებს ლიდერის პოზიციაც კი უჭირავთ.

ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოში ისლამური რელიგიური განათლება სახელმწიფო რეგულაციების მიღმაა დატოვებული. ჩვენში არსებული მედრესეები, ჯამები სახელმწიფოს და განათლების სამინისტროს კონტროლს მიღმა არიან, მაშინ როცა სწორედ განათლების სამინისტრო უნდა უწესებდეს მათ სტანდარტებს, რაც ამ დრომდე არ ხდება“

მაისის თვეში ცნობილი გახდა, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი, 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი მოკლეს. ის პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის მკვიდრი იყო. ცათიაშვილი საქართველოს უკვე რიგით მე-12 მოქალაქეა, რომელიც ბოლო წლებში სირიაში დაიღუპა.

ბოლო ინფორმაციით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე 100-დან 300-მდე საქართველოს მოქალაქე, ძირითადად ვაჰაბისტები და სუნიტები იბრძვიან. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი ისლამის მიმდევარია, ექსპერტები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩვენი მოქალაქეების რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას ელიან.

XS
SM
MD
LG