ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატური ცვლილებები ეკოსისტემებზე მოქმედებს


ეკოსისტემათა ცვალებადობა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსაც საფრთხეს უქმნის

როდესაც ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის სანაპიროებს სუპერშტორმი „სენდი“ დაატყდა თავს, რეკორდული მასშტაბის ზარალის გამო კლიმატურ ცვლილებებზე საუბარი ისევ განახლდა. სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატებს შორის ნიუ იორკიც იყო. გუბერნატორ ენდრიუ ქუომოს თქმით, გლობალური დათბობის ტენდენცია სახეზეა და მისი იგნორირება აღარ შეიძლება. „აშკარაა, რომ ექსტრემალური ამინდის სიხშირეც თანდათან მატულობს“, აღნიშნა შტატის გუბერნატორმა.

კლიმატური ცვლილებები გავლენას ქვეყნის ველურ გარემოზეც ახდენს. ამ თემაზე გამოსულ უახლეს ანგარიშებს შორისაა ველური ბუნების ეროვნული ფედერაციის კვლევა, სახელწოდებით „კლიმატური ცვლილებების გავლენა ბიოდივერსიფიკაციაზე და ეკოსისტემებზე“. მისი ერთ-ერთი ავტორია ბრიუს შტეინი, რომელიც აღნიშნავს, რომ გლობალური დათბობის შედეგად მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში ცვლილებები მოსალოდნელზე სწრაფად ვითარდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ნაირსახეობა ისტორიულ-გეოგრაფიული გარემოდან სხვაგან ინაცვლებს. ეს ბიოლოგიური პროცესი, რომელიც ადრეც ხდებოდა, ახლა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ზოგჯერ მათ არსებობასაც კი საფრთხეს უქმნის. მოგეხსენებათ, რომ ბიოლოგიური ორგანიზმები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. ამის ყველაზე მარტივი მაგალითი ყვავილია, რომელსაც დამტვერვისთვის პოლინატორი სჭირდება“ - ამბობს მეცნიერი.

ეკოლოგ პიტერ გროფმანის თქმით, რისკი მხოლოდ გვალვებში და ზაფხულის წყალდიდობებში როდია. ზამთარი, რომელიც საკმარისად ცივი არ არის, დამატებით პრობლემებს ქმნის. ის კვლევაში კარის ეკოსისტემის სწავლებათა ინსტიტუტიდან მონაწილეობდა.

ცივი ტემპერატურა ასევე გამრავლების კრიტიკული მარეგულირებელი და გამნაწილებელია. შედარებით თბილი ზამთრების გამო მავნე მწერების რაოდენობა მატულობს და შესაბამისად მათ მიერ მიყენებული ზარალის რაოდენობაც იზრდება“, აღნიშნავს ის.

ამერიკის ველურ ტერიტორიებზე მდებარე ტყეებში ხეებს დაავადებები უფრო ინტენსიურად უჩნდებათ. წელს მილიონობით ხე განადგურდა და ეს მონაცემი ყოველ 17-დან 29 წლამდე ინტერვალში გაორმაგდება. თავისთავად ხეების განადგურება მთის მწვერვალებზე თოვლის ნაადრევ დნობას გამოიწვევს.

„ზამთრის ტემპერატურის ცვალებადობა ეკოსისტემებზე და ბიოდივერსიფიკაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შემოდგომის და გაზაფხულის სეზონების ხანგრძლივობაც კი იცვლება. ეს წყლის რაოდენობაზე, ნათესებზე მოქმედებს და ცხოველთა სამყაროსაც ვნებს. ასევე უარყოფითად აისახება ეკოსისტემების მიერ ჰაერის და წყლის ხარისხის გაუმჯობესების უნარზეც“ - ამბობს პიტერ გროფმანი.

კლიმატური ცვლილებების გამო სასმელი წყლის არამარტო ხარისხი, არამედ რაოდენობაც შემცირდება, აღნიშნავს მარი რუკელსჰაუსი, ბუნებრივი კაპიტალის პროექტის გენერალური დირექტორი.

ანგარიშთა უმეტესი ნაწილის მიხედვით, იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც სასმელი წყლის კრიზისი აქვთ, სამჯერ გაიზრდება. კლიმატური ცვილებები ამ ფაქტორზე განსაკუთრებით დრამატულად იმოქმედებს“ - ამბობს ის.

ბრიუს შტეინის თქმით, მთელი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ადრე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ კლიმატური ცვლილებები მომავალში მოხდებოდა, ეს მომავალი უკვე აწმყოდ იქცა. გლობალური დათბობის შედეგების ნაწილი სახეზეა და სიტუაცია დროთა განმავლობაში უარესობისკენ შეიცვლება. ამ ფონზე ერთადერთი კარგი ამბავი მეცნიერის თქმით, ის არის, რომ კლიმატური ცვლილებებისადმი მიდგომა უფრო სერიოზული გახდა და გარემოს დაცვის მიმართ სახელმწიფოები ქმედითი ღონისძიებების გატარებას იწყებენ.

შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოების თანამშრომლები, უნივერსიტეტების მეცნიერები და აქტივისტები სახელმწიფო მეთაურებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გარემოს დაცვის სამუშაოების ერთმანეთთან კოორდინირებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ურთიერთთანამშრომლობა არამარტო კრიტიკულად აუცილებელია, არამედ - გადაუდებელიც აღნიშნავენ ისინი.
XS
SM
MD
LG