ჩინეთი, 15 მაისიდან, უკრაინაში, რუსეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის. პეკინის გადაწყვეტილებით უკრაინაში ლი ჰუი ჩავა.
ვიზიტის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ეს იქნება უკრაინაში ყველაზე მაღალი რანგის ჩინელი დიპლომატის ვიზიტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
პეკინი ბოლო თვეების განმავლობაში ცდილობს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ე.წ. შუამავლის როლი შეასრულოს. თუმცა, პეკინის ბოლოდროინდელი ნაბიჯები დასავლეთში კრიტიკულად ფასდება, რადგან ჩინეთმა, უკრაინაში რუსეთის ქმედებები არ დაგმო.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩინეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა რუსეთში და ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის. ჩინეთმა ე.წ. სამშვიდობო გეგმაც წარმოადგინა.
კიევი, ვაშინგტონი და ბრიუსელი, ჩინეთის შეთავაზებას რეალურ გეგმად არ განიხილავს. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივები, კიევისთვის ძალიან ბუნდოვანია.
Facebook Forum