კატალონიის რეგიონი, რომელშიც კვირას ჩატარებულ რეფერენდუმს ესპანეთის პოლიციის მხრიდან მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები მოჰყვა, მალე დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ეს, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში მოხდება.
კარლოს პუჩემონტმა, რეგიონის ლიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რეგიონული მთავრობა შემდეგ ნაბიჯებს მალევე გადადგამს, როგორც კი ხმების დათვლის პროცესი საბოლოოდ დასრულდება. პუჩემონტი საჯარო განცხადების გაკეთებას ოთხშაბათ საღამოს გეგმავს.
არჩევნებზე მისული მოქალაქეების 90 %-მა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა. ესპანეთის ფედერალურმა პოლიციამ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სცადა საარჩევნო უბნების დახურვა და კენჭისყრის შეჩერება. მანამდე რეფერენდუმი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ არალეგიტიმურად გამოაცხადა.
ადგილობრივი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების თქმით, პოლიციასთან შეტაკებებისას დაახლოებით 900 ადამიანი დაშავდა. ესპანეთის ხელისუფლების ქმედებებმა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, მადრიდსა და რეგიონულ მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდებენ.
სამშაბათს რეგიონის მასშტაბით მოწყობილმა გაფიცვამ კატალონიაში სატრანსპორტო სისტემისა და ბიზნეს-საქმიანობის ბლოკირება გამოიწვია. ესპანეთის მეფე კი რეგიონულ მთავრობას "უპასუხისმგებლო ქმედებებისთვის" აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ ყველაფერმა კატალონიისა და მთლიანად ესპანეთის სტაბილურობა დააყენა რისკის ქვეშ.
ოთხშაბათს კი ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ის იძიებს საქმეს კატალონიის პოლიციის ორი ოფიციალური პირის წინააღმდეგ, ბრალდება - აჯანყებისკენ მოწოდებაა. იგივე ბრალი ედება დამოუკიდებლობის მომხრე ორი სამოქალაქო ჯგუფის ლიდერსაც.
Facebook Forum