წელიწადნახევრის განმავლობაში, სირიის ტერიტორიაზე მოქმედი, „საერთაშორისო ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის“ რიგებში მებრძოლი, საქართველოს მეთერთმეტე მოქალაქე მოკლეს.
ტრაგიკული ცნობა ამჯერად ახმეტიდან 25 კილომეტრში მდებარე ხალაწნის თემში მოვიდა. პანკისის ხეობის ამ სოფლებში ძირითადად, ქისტები ცხოვრობენ.
მოკლული 24 წლის დავით სვიაკაურია. არაოფიციალური ინფორმაციით, სვიაკაური „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი სამხედრო მეთაურის, ასევე პანკისელი თარხან ბათირაშვილის იგივე „აბუ ომარ ალ შიშანის“ ჯიჰადისტთა რაზმში იყო.
სვიაკაური ისტორიაც იდენტურია, სირიაში გადაბარგებამდე, მან მშობლებთან კონტაქტი გაწყვიტა, ცოლ-შვილი მიატოვა და თურქეთში გაემგზავრა. ეს 2013 წლის მაისში მოხდა.
„თბილისში ბინა ჰქონდა, ცოლ-შვილი ჰყავდა, მოულოდნელად გაყიდა ყველაფერი და წავიდა. ამაზე გაბრაზებულმა მასთან ყველა კონტაქტი გავწყვიტე. 2 წელია არაფერი ვიცოდი მის შესახებ. მეგონა თურქეთში სამუშაოდ იყო, მერე გავიგე რო სირიაში ყოფილა. ფოტოებიც აუტვირთავს იარაღით ხელში. ახლა მოვიდა ცნობა რო გარდაიცვალა“ - ამბობს დავით სვიაკაურის მამა სოსო სვიაკაური.
„ჩვენი მამების და პაპების ისტორიული სამშობლო, მეორე სამშობლო საქართველოს შემდეგ, ჩეჩნეთია, იქ შეიძლება საომრად წავიდეთ, ეს კიდე შეიძლება გაამართლოს კაცმა, მაგრამ სირიაში წასვლას ნამდვილად არ ვამართლებ და ვერც გავამართლებ, ვერასდროს. მესმის რო აქ სამუშაო არ არის, ბევრი პრობლემაა, მაგრამ სირიაში წასვლა და სიკვდილი დაუშვებელია“ - მიაჩნია მოკლულის ბიძას რამაზ ბაღაკაშვილს.
შსს-ში არ აკეთებენ კომენტარს, ამჟამად, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს რამდენი მოქალაქე იბრძვის. არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი 50-დან 100-მდე მერყეობს.
პირველი ცნობები, პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ჯიჰადისტების სიკვდილის შესახებ, ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში გავრცელდა. დადასტურებულად ცნობილია, რომ ომარ ალ შიშანის რაზმიდან მოკლულები არიან: ძმები 24 წლის ჰალიდ და 26 წლის ჰამზათ აჭიშვილები, რომლებიც ბოლოს ავსტრიაში ცხოვრობდნენ და სირიაში ევროპიდან ჩავიდნენ; ძმები ცათიაშვილები, 18 წლის ისრაფილი და 21 წლის ჯაბრაილი; 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი, 18 წლის ბესო კუშტანაშვილი, 22 წლის გურამ გუმაშვილი, 33 წლის აბდულ მალიქ მუთოშვილი, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
საქართველოს მოქალაქე იყო, წარსულში ცნობილი ჩეჩენი სავალე მეთაურის რუსლან გელაევის ვაჟი, 23 წლის რუსტამ გელაევიც, იგი ბოლოს, პანკისში, სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. გელაევი სირიაში 2012 წლის აგვისტოში, საქართველოდან პირველი დაიღუპა და პანკისში, სირიიდან მხოლოდ მისი ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.
პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ ახალგაზრდების გადაბირება ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ კვლავ გრძელდება. სოფელ დუისში მცხოვრები მარგოშვილების ოჯახი, თვეზე მეტია შვილს, 18 წლის ბესლან მარგოშვილს ეძებს.
ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გიორგი სანიკიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ახალგაზრდების გადაბირება ტერორისტების მიერ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უზარმაზარი გამოწვევაა.
„ისლამური სახელმწიფოს“ ეს ძალები არის არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მთლიანად მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ეს გადაბირება არ არის მხოლოდ სოციალური ან ფანატიზმის მიზეზებით გამოწვეული. აქ ჩანს თვითდამკვიდრების, თვითრეალიზაციის, „გმირად გახდომის“ საშუალება და სურვილი, რა თქმა უნდა ფული, მატერიალური დაინტერესება. საქართველოშიც ბუნებრივია არის მუსლიმ თემში ექსტრემისტულად განწყობილი მცირე ნაწილი, ამიტომ სპეცსამსახურები ამ პრობლემას მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგნენ“.
სირიასა და ერაყში, ისლამისტ ტერორისტთა მხარეს, საქართველოდან მხოლოდ პანკისელი ქისტები არ იბრძვიან, ჯიჰადისტების რიგებში ასეევ არიან საქართველოს მოქალაქეები, აჭარის, გურიის და ქვემო ქართლის მუსლიმი თემებიდან. ცნობილია, რომ შარშან, სირიაში დაიღუპა, ოზურგეთის სოფელ ნასაკირალის მკვიდრი ლევან (ალი) ნაკაიძე.