როცა ზული პალაციომ გაიგო, რომ კიბო ჰქონდა, რამდენიმე დღე გადაბმულად ტიროდა.
„იმის გაგება, რომ კიბო გაქვს, სევდიანი და დეპრესიის გამომწვევი სიახლეა.“
პალაციო დეპრესიას თავიდან ისეთი საქმიანობით დაკავებით იცილებს, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს, მაგალითად მებაღეობით ან ბუნებაში სეირნობით.
„ყოველთვის ვსეირნობ ბუნებაში, როცა ამის საშუალება მაქვს. თუ პარკი, მდინარე ან ნებისმიერი ლამაზი ადგილი ახლოს გაქვთ ... და ყურადღებას აქცევთ გარემოს, ნახავთ რა ლამაზია გარშემო ყველაფერი.“
სახლში პალაციო მედიტაციას და განტვირთვის სხვადასხვა მეთოდებს ხვეწავს.
„შეგიძლიათ გონება ბნელი აზრებისგან გაწმინდოთ. მედიტაციის ან განტვირთვის სავარჯიშოების დასრულების შემდეგ თავს ფანტასტიურად ვგრძნობ.“
განტვირთვას სიცილიც ხელს უწყობს. პალაციოს 1950-ან წლებში პოლულარული კომიკური ტელესერიალი „მე მიყვარს ლუსის“ ეპიზოდების კოლექცია აქვს.
„“მე მიყვარს ლუსიზე“ ძალიან ბევრს ვიცინი. არ ვფიქრობ იმაზე, თუ რამხელა ტრაგედიაა ის, რომ ვკვდები, რომ გავდივარ ქიმიოთერაპიას. ამ ფიქრებისგან გული მტკივა და ვცდილობ ეს ტკივილი დავივიწყო. შეიძლება კუნთები, სახსრები მტკიოდეს, მაგრამ ამ ყველაფერს ვივიწყებ და ვიცინი.“
ცხოვრებაზე დადებითი შეხედულების შენარჩუნება, მაშინაც კი, როცა სევდიანი ემოციებისთვის რეალური საფუძველი არსებობს, განკურნვის პროცესს ხელს უწყობს, აცხადებს ფსიქოლოგი სუზან ლეშნერი.
ის ამერიკის ხმას სკაიპის საშუალებით ესაუბრა:
„ვიცით, რომ ადამიანების გამოჯანმრთელება უფრო სწრაფად მიმდინარეობს მაშინ, როცა ისინი პროცესის განმავლობაში დადებითად არიან განწყობილი, მართავენ სტრესს და პროცესში მთლიანად არიან ჩართული.“
ლეშნერი ამბობს, რომ არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ სტრესი ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც მიუთითებს, რომ მეუღლისგან, ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან დაავადებასთან ბრძოლაში მხარდაჭერას განკურნების პროცესზე დადებითი გავლენა აქვს. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ დადებით განწყობას კიბოს დამარცხება შეუძლია, მაგრამ ლეშნერი ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
„არასამეცნიერო გადმოსახედიდან, ვიტყოდი, რომ დადებითი განწყობა იმუნურ სისტემას აძლიერებს და დადებითი გავლენა აქვს ენდოკრინულ სისტემაზეც.“
პალაციომ ქიმიოთერაპიის თითოეული რაუნდის შედეგებს თავი ადვილად გაართვა და მისი სიმსივნეები ახლა ზომაში იმის ნახევარია, რაც მკურნალობის დაწყებამდე იყო. მკურნალი ექიმები კი სთხოვენ გააგრძელოს ის, რასაც აკეთებს... იმიტომ რომ მის მეთოდს უდავოდ კარგი შედეგები აქვს.