კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, ორშაბათს, 6 იანვარს პარტიის ლიდერობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი, მისი პოლიტიკის მიმართ მზარდი უკმაყოფილება და შიდაპარტიული დაპირისპირებაა. გარდა ამისა, თანამდებობიდან ქვეყნის ფინანსთა მინისტრის უეცარი წასვლის შემდეგ, კანადის მთავრობაში მზარდი არეულობა და ტრუდოსადმი უკმაყოფილება არსებობდა.
ტრუდომ თქვა, რომ მისთვის ცხადი გახდა, რომ ის ვერ შეძლებს იყოს „ლიდერი მომავალ არჩევნებზე შიდა ბრძოლების გამო“. გადადგომის განცხადების მიუხედავად, ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის და პარტიის ლიდერის პოსტზე დარჩება იქამდე, ვიდრე ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერი არ შეირჩევა.
„მე ბრძოლაში უკან ადვილად არ ვიხევ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიისთვის და ქვეყნისთვის. მაგრამ მე თანამდებობაზე იმისთვის ვარ, რადგან კანადელების ინტერესები და დემოკრატიის კეთილდღეობა ჩემთვის ძვირფასია, ”- თქვა მან.
სააგენტო "ასოშიეთიდ პრესს" ამ საკითხის მცოდნე ოფიციალური პირი ეუბნება, რომ პარლამენტი, რომელსაც 27 იანვარს უნდა დაეწყო მუშაობა, 24 მარტამდე საქმიანობას არ დაუბრუნება. ეს დრო საშუალებას მისცემს ლიბერალთა პარტიას ახალი ლიდერი შეარჩიოს. ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობის დაცვით ისაუბრა, რადგან ის ჯერ არაა უფლებამოსილი ამ საკითხზე საჯაროდ გააკეთოს კომენტარი.
ჯასტინ ტრუდო კანადის ხელისუფლებაში 2015 წელს მოვიდა კონსერვატიული პარტიის 10-წლიანი მმართველობის შემდეგ. კანადის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრემიერ-მინისტრი თავდაპირველად დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა 53 წლის პოლიტიკოსი, ბოლო წლებში, არაპოპულარული გახდა სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, საკვებისა და საცხოვრებლის ფასების ზრდისა და იმიგრაციის პოლიტიკის გამო.