სარაევოს სასამართლომ ბოსნიელი სერბების ლიდერს მილორად დოდიკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ექვსი წლით პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მიუსაჯა, რადგან მან უგულვებელყო უმაღლესი წარმომადგენლის განკარგულებები. დოდიკმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციას გამოიწვევს.
ბოსნიის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი 26 თებერვალს გამოიტანა, სასამართლო პროცესის დაწყებიდან ერთი წლის წინ თავზე.
დოდიკს ბრალად ედებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინის უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის, გადაწყვეტილებების შესრულებაზე უარის თქმა.
ბრალდების მიხედვით, დოდიკმა, რომელიც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ხელი მოაწერა დადგენილებებს იმ კანონებზე, რომლებიც შმიდტმა გააუქმა, „მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, რომ [შმიდტის] გადაწყვეტილებები იურიდიულად სავალდებულოა.“
დოდიკის დაცვის მხარემ კი მტკიცებულებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ პროკურატურის ბრალდებები „ფაქტებზე არ არის დაფუძნებული.“
დოდიკს 26 თებერვლის განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.
დოდიკი ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, რადგან დასავლეთის მთავრობები მას ბოსნიის სერბული ნაწილის, რესპუბლიკა სრპსკას, სეპარატისტული მიზნების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. დოდიკი უარყოფს, რომ სერბულ რეგიონს სეპარატისტული პოლიტიკა აქვს.
ბოსნია-ჰერცეგოვინა დეიტონის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ იმართება ბოსნიელი მუსლიმების და ხორვატების ფედერაციისა და უმეტესად სერბებით დასახლებული რესპუბლიკა სრპსკას შორის ძალაუფლების გადანაწილების შეთანხმებით. დეიტონის შეთანხმებამ 1992-1995 წლების ბოსნიის ომს წერტილი დაუსვა.
ქვეყნის პოლიტიკური პროცესების ზედამხედველობას ახორციელებს გაეროს მხარდაჭერით მოქმედი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელსაც ფართო უფლებამოსილებები აქვს. ამჟამად ამ თანამდებობას კრისტიან შმიდტი იკავებს.
ბოსნია-ჰერცეგოვინამ 2022 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჯერ არ შეუსრულებია ის კრიტერიუმები, რომლებიც გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად არის საჭირო.