ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ასეანის" სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციას მართავს. ვიენტიანი, ლაოსი. 11 ოქტომბერი, 2024 წ.
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ასეანის" სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციას მართავს. ვიენტიანი, ლაოსი. 11 ოქტომბერი, 2024 წ.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის მიერ განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ისრაელს, მიიღოს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. 11 ოქტომბრის განცხადებაში, ბლინკენი მოუწოდებს ისრაელს უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა "საშინელი ორმაგი სროლების ქვეშ" არ მოყვეს.

ვაშინგტონი აგრძელებს ძალისხმევას, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ლიბანში მიმდინარე მოვლენების დიპლომატიური გადაწყვეტის გზებს ეძებს.

ბლინკენმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ისრაელმა როგორც ბეირუთში, ისე ღაზის სექტორში მორიგი დარტყმები განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის თქმით, მათი სამიზნე ტერორისტები არიან.

ბლინკენმა თქვა, რომ ლიბანის მომავალი ლიბანელი ხალხის გადასაწყვეტია და არა რომელიმე გარე აქტორის: „აშკარაა, რომ ლიბანელ ხალხს აქვს ინტერესი, ძლიერი ინტერესი, რომ სახელმწიფოს მართვა აიღოს საკუთარი თავზე და აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მისი მომავლისთვის. პრეზიდენტის პოსტი უკვე ორი წელია ვაკანტურია და ლიბანელი ხალხისთვის ხელმძღვანელის ყოლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ეს ლიბანელებმა უნდა გადაწყვიტონ და არა სხვამ“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ლაოსში, ვიენტიანში გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იქ "ასეანის" (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) სამიტს ესწრება.

ამერიკის ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი "ჰამასისა" და ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" ტერორისტული თავდასხმებისგან.

ხუთშაბათს, ისრაელის საჰაერო თავდასხმამ ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს, სულ მცირე, 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ისრაელის თქმით, თავდასხმის სამიზნე ბოევიკების სამეთაურო ცენტრი იყო, რომელიც სკოლაში იყო განთავსებული.

ლიბანის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმისას კი ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს შენობას, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მოშორებულია "ჰეზბოლას" თავშესაფრისგან, რომელიც ბეირუთის სამხრეთით მდებარეობს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მოკლულია 22, ხოლო დაჭრილია 117 ადამიანი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემები გაიზრდება, რადგან ჯერ კიდევ ეძებენ ადამიანებს ნანგრევებში.

XS
SM
MD
LG