ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი მიუნხენში სიტყვით გამოდის


გერმანიაში ვიზიტით მყოფი შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ანგელა მერკელს შეხვდა და მოგვიანებით უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

ჯო ბაიდენი ირანს აფრთხილებს, რომ მის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარების დრო საცაა ამოიწურება. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კომენტარი გერმანულ გაზეთებში მისი ვიზიტის დაწყებისთანავე გამოქვეყნდა.

ჯო ბაიდენი ქალაქ მიუნხენში 49-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს. ეს პრეზიდენტ ობამას მეორე ვადის დაწყების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის პირველი საგარეო ვიზიტია, რომელიც დღეს დილით კანცლერ მერკელთან მოლაპარაკებით დაიწყო. შეხვედრის თემა სავარაუდოდ სირია, ირანი, ავღანეთი და გლობალური ეკონომიკის საკითხებია. სირიაში გაჭიანურებულ სამოქალაქო ომზე ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთანაც ისაუბრებს.

პრეზიდენტ ობამას უფროსმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბენ როდესმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი რუსეთს სავარაუდოდ სირიასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიციის დაჭერას მოთხოვს. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პრეზიდენტი ასადი უნდა წავიდეს და სირიაში მისი ადგილი გარდამავალმა ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს, ნათქვამია როდესის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG