ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი რესპუბლიკელი გუბერნატორები ბაიდენს უჭერენ მხარს


100-მდე რესპუბლიკელი და დამოუკიდებელი ლიდერი, დღეს ჯო ბაიდენისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" წერს.

სააგენტოს ცნობით, იმ რესპუბლიკელთა შორის, რომლებსაც არ სურთ, რომ დონალდ ტრამპი მეორე ვადით აირჩიონ პრეზიდენტად, არიან მიჩიგანის და ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორები, ასევე ყოფილი და მოქმედი რესპუბლიკელი ოფიციალური პირები მიჩიგანის შტატიდან. კენჭისყრის შედეგები მიჩიგანის შტატში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.


"რესპუბლიკელები და დამოუკიდებლები ბაიდენისთვის" - ამ სახელით შეკრებილთა ჯგუფს კრისტინ ტოდ უიტმენი ხელმძღვანელობს, ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უმკაცრეს კრიტიკოსად იქცა. მან დემოკრატთა ეროვნულ კონვენციაზე ბაიდენის მხარდასაჭერადაც კი ისაუბრა.

"ბაიდენი ღირსეული, მტკიცე კაცია. ტრამპი ცდილობს ბაიდენის სამყარო საშინლად წარმოაჩინოს, მაგრამ სწორედ ტრამპის ამერიკაა ახლა ასეთი", - უთხრა უიტმანმა "როიტერს".

მან მოქმედი პრეზიდენტი კონსერვატიული ღირებულებების ღალატში დაადანაშაულა, რადგან მისი თქმით, ტრამპი ამერიკელებს რასობრივი ნიშნით ჰყოფს, ასუსტებს კანონის უზენაესობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, ცრუობს და ვერ ახერხებს, სათანადოდ უპასუხოს პანდემიის გამოწვევას.

ჯგუფის წევრებს შორისაა მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორიც, რომელიც 2020 წელს მცირე ხნით რესპუბლიკელთა ნომინაციის კანდიდატი იყო. კიდევ ერთი წამყვანი წევრია რიკ სნაიდერი, მიჩიგანის გუბერნატორი ორი ვადით, რომელმაც თანამდებობა 2019 წელს დატოვა. ის პრეზიდენტს დამყოფ რიტორიკასა და "ბულინგში" ადანაშაულებს. "როგორც გუბერნატორს, მიმუშავია როგორც ჯო ბაიდენთან, ისე დონალდ ტრამპთან და მჯერა, რომ ბაიდენი არის ნათელი არჩევანი იმისთვის, რომ ქვეყანა დადებით გზაზე დავაბრუნოთ".

უიტმანი, რომელიც რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ისინი ეცდებიან ამომრჩევლის მობილიზებას ისეთ შტატებში, რომლებმაც შესაძლოა, არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. ასევე, მიმართავენ კონკრეტულ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფებს, ქალაქგარეთ მცხოვრებ ქალებს და მათ, ვისაც დონალდ ტრამპი არ მოსწონს, მაგრამ ვერც ბაიდენის მხარდაჭერა გადაუწყვეტია.

რესპუბლიკელთა ეს ჯგუფი ბაიდენის მხარდასაჭერი კამპანიის დაწყებას ხუთშაბათს აპირებს. ჩაეშვება სპეციალური ვებგვერდი და სარეკლამო განცხადებებიც. "დონალდ ტრამპი ყოველდღე აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ პრინციპებს და ამით არსებით საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის მომავალს", - ამბობენ ჯგუფის წევრები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG