27 იანვარს აუშვიცის ტყვეთა ბანაკის გათავისუფლებიდან 80 წელი შესრულდა. ბანაკის ადგილას, პოლონეთის ქალაქ ოსვენციმში გამართულ ღონისძიებას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის მეფე ჩარლზი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დაესწრნენ. ისრაელმა პოლონეთში განათლების მინისტრი იოავ კიში მიავლინა.
სახელმწიფო ლიდერები სიტყვით არ გამოსულან. ღონისძიებაზე ჩასული სტუმრები ჰოლოკოსტს გადარჩენილ, უკვე ღრმად მოხუცებულ მოქალაქეებს უსმენდნენ.
“დღევანდელ მსოფლიოში ანტისემიტიზმი ძალას იკრებს. ამ დროს, ანტისემიტიზმმა მიგვიყვანა ჰოლოკოსტამდე,” - განაცხადა 98 წლის მარიან ტურსკიმ, რომელიც აუშვიცში 1944 წელს გააგზავნეს. აუშვიცს გადარჩენილმა 99 წლის ლეონ ვაინტრაუბმა შეუწყნარებლობის საფრთხეებზე ისაუბრა: “გთხოვთ, გავაათკეცოთ ძალისხმევა იმგვარი იდეების წინააღმდეგ, რის მძიმე შედეგებსაც დღეს ვიგონებთ.”
“გათავისუფლებიდან 80 წლის შემდეგ მსოფლიო ისევ კრიზისშია. ჩვენ საერთო, ებრაულ-ქრისტიანულ ღირებულებებს ცრუ რწმენის, შიშის, ეჭვისა და ექსტრემიზმის ჩრდილი გადაეფარა. შოკისმომგვრელია საყოველთაო ანტისემიტიზმი, რომელმაც მსოფლიოს ერები მოიცვა”, - თქვა 86 წლის მწერალმა და აკადემიკოსმა ტოვა ფრიდმანმა.
ანტისემიტური ინციდენტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში პალესტინურ ანკლავს შეუტია. ისრაელის იერიშს წინ უძღოდა 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე.