21 იანვარს, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პოპულარულ სათხილამურო კურორტზე, 12-სართულიან სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66 ადამიანი ემსხვერპლა, განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ალი იერლიქაიამ აღნიშნა, რომ კიდევ 51 ადამიანი დაშავდა. ხანძარი "გრანდ კარტალის" სასტუმროში, კარტალკაიას კურორტზე, ბოლუს პროვინციის კოროღლუს მთებში, სტამბოლიდან 300 კილომეტრით აღმოსავლეთით, სასკოლო არდადეგების დროს მოხდა. ამ დროს სასტუმროები დატვირთულია სტუმრებით.
„ჩვენ ძალიან განვიცდით. სამწუხაროდ, ამ ხანძრის შედეგად, 66 ადამიანი დავკარგეთ,“ განუცხადა იერლიქაიამ ჟურნალისტებს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ქემალ მემისოღლუმ აღნიშნა, რომ დაშავებულთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 17 ადამიანი უკვე გაეწერა სამკურნალოდ. იერლიქაიას თქმით, სასტუმროში რეგისტრირებული იყო 238 სტუმარი. ხანძრის შესახებ შეტყობინება 3:27 საათზე შევიდა, ხოლო სახანძრო სამსახურმა რეაგირება დაიწყო 4:15 საათზე.
მთავრობამ ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოსაძიებლად ექვსი პროკურორი დანიშნა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს რესტორნის ნაწილში დაიწყო.
ბოლუს გუბერნატორმა, აბდულაზიზ აიდინმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ მინიმუმ ორი ადამიანი პანიკის შედეგად, შენობიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა. ტელეკომპანია NTV-ისა და სხვა მედიების ინფორმაციით, ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა ფანჯრებიდან ზეწრების გამოყენებით ჩასვლას.
სათხილამურო ინსტრუქტორი, ნეჯმი ქეფჯეთუთანი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდა, NTV-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას ეძინა, როცა ხანძარი დაიწყო, შემდეგ კი 20-მდე სტუმრის დახმარება მოახერხა. „სასტუმრო მთლიანად კვამლში იყო. ძალიან რთული იყო გამოსასვლელის პოვნა,“ თქვა მან. „ჩემს მოსწავლეებთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ. იმედი მაქვს, ისინი კარგად არიან,“ აღნიშნავს ის.
ტელევიზიაში გასულმა კადრებმა აჩვენა სასტუმროს სახურავი და ზედა სართულები ცეცხლის ალში. თვითმხილველთა მონათხრობის მიხედვით, სასტუმროს ხანძრის დეტექტორის სისტემა არ მუშაობდა.
„ჩემმა მეუღლემ იგრძნო ცეცხლის სუნი. სიგნალიზაცია არ ჩაირთო,“ განუცხადა სტუმარმა ათაქან იელქოვანმა სააგენტო IHA-ს. „ვცადეთ ზემოთ ასვლა, მაგრამ არ გამოვიდა, იქ ცეცხლი იყო. შემდეგ ქვემოთ ჩავედით და აქ (გარეთ) მოვედით,“ თქვა იელქოვანმა. მისი თქმით, სახანძრო სამსახურების ადგილზე მისვლას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა. „ზედა სართულებიდან ადამიანები ყვიროდნენ. ისინი ზეწრებით ცდილობდნენ ჩამოსვლას... ზოგიერთი ხტებოდა,“ თქვა მან.
ტელეკომპანია NTV-მ აღნიშნა, რომ სასტუმროს გარეთა ხის საფარი, შესაძლოა, ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა. სასტუმროს ნაწილი კლდის მხარესაა განთავსებული, რაც ცეცხლის ჩაქრობის მცდელობებს ართულებდა. „რადგან უკანა მხარე კლდეზეა, ჩარევა მხოლოდ წინა და გვერდით მხრიდან იყო შესაძლებელი,“ დაადასტურა იერლიქაიამ.
ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასტუმრო 2021 და 2024 წლებში ინსპექტირებულია და “არანაირი უარყოფითი მდგომარეობა არ დაფიქსირებულა.“
ანკარაში გამოსვლისას, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა: „სამწუხაროდ, ამ დილით ბოლუდან, კარტალკაიადან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენი ძმები და დები ხანძრის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ.“
„ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება ინციდენტის ყველა ასპექტის გასარკვევად და პასუხისმგებელთა პასუხისგებაში მისაცემად,“ - დაამატა ერდოღანმა.
სათხილამურო კურორტის სხვა სასტუმროები ევაკუირებულ იქნენ უსაფრთხოების მიზნით, ხოლო სტუმრები ბოლუს სხვა სასტუმროებში გადაიყვანეს.
ამავდროულად, ცენტრალურ თურქეთში კიდევ ერთ სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაზის აფეთქებამ ოთხი ადამიანი დააზიანა.
აფეთქება სივასის პროვინციაში, ილდიზის მთის ზამთრის სპორტულ ცენტრში მოხდა. ორი მოთხილამურე და მათი ინსტრუქტორი მსუბუქად დაშავდნენ, ხოლო კიდევ ერთი ინსტრუქტორი მეორე ხარისხის დამწვრობით მკურნალობს.