ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება


რასმუსენი აცხადებს, რომ ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოვების სამიტი.

ჩიკაგოს სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სამიტი, რომელმაც უნდა დააფიქსიროს საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის კუთხით -აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი . მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღევანდელი სიტუაცია:

”თუ რაღაც პარალელებს გავავლებთ, ძალიან ჰგავს ფორმალურად 2008 წელს: მაშინაც იყო ნატოს სამიტი, მაშინაც იყო არჩევნები აშშ-ი, რუსეთში, საქართველოში და რითაც დამთავრდა 2008 წელი, ყველამ კარგად იცის, როცა ნატომ გარკვეულწილად ყოყმანი აჩვენა. ამიტომ ჩვენთვის წელს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს, რომ ჩვენ ნატოში გვაქვს პროგრესი.”

ვაშინგტონის განცხადებით, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ამერიკა მხარს დაუჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას.

შეგახსენებთ, მაპი ნიშნავს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის შესახებ ექსპერტი თავდაცვის საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილი გვესაუბრება :

” საქართველოს გააჩნია ეროვნული სამოქმედო წლიური გეგმა, რომლის ჩარჩოებში საქართველო ისახავს თავის ამოცანებს და ამ ამოცანების შესაბამისად აკეთებს თავდაცვის სფეროს რეფორმირებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად. გარკვეული აზრით, ეს არის სწორედ შემცველი მაპის. რაც შეეხება დღევანდელ ვითრებას, აქ საქართველო რაღაც გამონაკლის მდგომარეობაში არ არის. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ბალკანეთის სამი ქვეყანა და დღეს ამ ქვეყნებს საქართველოს ჩათვლით, უწოდებენ ასპირანტ-ქვეყნებს, ანუ ქვეყნებს, რომლებიც მიისწრაფვიან ნატოში გაწევრიანებისაკენ.

რასმუსენი აცხადებს, რომ ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი.

"დიახ, ეს არ იქნება გაფართოების სამიტი, გაფართოების სამიტს ეძახიან სამიტს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება ახალი წევრების გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეზოლუციაში საქართველოს საკითხს გვერდს აუვლიან. რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ნახსენები, ნათელია, რომ იქნება დადასტურება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, შემდეგ ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილების. ორი პრინციპული მომენტია, მე ასე გამოვყოფდი : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მეორე - დადასტურება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი მაშინ, როდესაც მზად იქნება ამისთვის თუ, რა თქმა უნდა, არ შეიცვლის თავის მიზანს. მაგალითად, უკრაინელებმა უარი თქვეს ამ მიზანზე. უკრაინისა და საქართველოს მიმართ ერთნაირად გამოიყენებოდა ფორმულირება, რომ ორივე გახდებოდნენ ნატოს წევრები, მაგრამ უკრაინელებმა ეს შეცვალეს და დღეს მათ მიმართ ეს ფორმულა არ გაოიყენება. საქართველომ არ შეცვალა ეს მიზანი და დღემდე ძალაშია ეს ფორმულა. აქ, რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვაობა, ჩვენ ხომ ვტყეპნით ერთ ადგილს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პროგრეს ვერ ვხედავთ.. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია, ჩემი აზრით პროგრესი შეიძლება უფრო ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ მომავალი წინ არის."

რას გულიხმობთ კონკრეტულად პროგრესში?

"კონკრეტულად პროგრესში ძირითადად იგულისხმება მოდერნიზაცია, ნატო უფრო ყურადღებას ამახვილებს სწორედ დემოკრატიულ კომპონენტებზე რეფორმაში."

დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე არის შესაძლებელი, რომ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 6-7 თვეში ჩატარდება, საქართველომ უკრაინის მსგავსად შეცვალოს პოზიცია?

"ვარაუდებით ლაპარაკი რთულია, თეორიულად ეს გამორიცხული არ არის, თუმცა საქართველოს და უკრაინას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი განმანსხვავებელი მომენტი, საქართველოში ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა მოსახლეობაში არის ძალიან მაღალი. ეს არ არის ბოლო დროს მიღებული , ეს ტრადიციულად ასე იყო . იმიტომ რომ ქართველებში ნატოში ინტეგრაცია მაჩვენებელია ევროპაში, დასავლეთში ინტეგრაციისა, საქართველოს დაბრუნების დასავლურ სახლში, კულტურულ გარემოში.. უკრაინაში ასეთი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის , ასეთი მაღალი არ არის. ამიტომ იქ მთავრობა უფრო ადვილად მანიპულირებს ამ საკითხით. ჩვენთან (მე ასე მგონია) თუ მთავრობა შეცვლის ამ მიზანს, ეს საზოგადოებაში გამოიწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას, სიმწვავე აიწევს საზოგადოებაში.”

რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჩიკაგოს სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხდა. პირველ ვიზიტს პრეზიდენტის რანგში პუტინი ბელორუსში განახორციელებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, ყველა წინაპირობაა რომ საქართველოსთვის ეს ნატოში გაწევრიანების გზაზე წინგადაგმული ნაბიჯი იქნება. გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოს ნატოს სტნდარტებთან მისაღწევად რამდენიმე წელი სჭირდება და აღნიშნა, რომ ბევრ სფეროში საქართველო უკვე ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

XS
SM
MD
LG