ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ბაღდადში


ერაყის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ბაღდადის შეხვედრის შემდეგ მსოფლიო მათ მეტი პატივისცემით მოეპყრობა.

არაბული ლიგის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბაღდადში ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრის მთავარი თემები სირიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის შეწყვეტა და 7 წლიანი ომის შემდეგ ერაყის აღორძინება იქნება.

არაბული ლიგის შეხვედრა დღეს გაიხსნა ბაღდადში, მაშინ როდესაც სირიაში გადაღებული ახალი ვიდეო მასალა ამტკიცებს, რომ ასადის მთავრობა კვლავაც აგრძელებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საარტილერიო დაბომბვას.

მიუხედავად ამისა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დათანხმდა გაეროს და არაბული ლიგის ერთობლივ გეგმას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

დასავლეთის ლიდერები და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ექსპერტები შიშობენ, რომ სირიის რეჟიმის მხრიდან ეს დროის მოგების მიზნით გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯია. სირია გარიცხეს არაბული ლიგიდან და ასადის რეჟიმი ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს წინააღმდეგობას გაუწევს.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ექსპერტის ენტონი სკინერის განცხადებით არაბული ლიგის თავმჯდომარედ კატარის შემდეგ ერაყის არჩევა სირიის პრეზიდენტს ლავირების საშუალებას აძლევს:

"არაბული ლიგის თავმჯდმარედ კატარის ყოფნის დროს ეს ორგანიზაცია უფრო ხისტ პოლიტიკას ატერბდა სირიის მიმართ, ახალ როდესაც ერაყის ჯერი დადგა, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი გაცილებით უფრო მისაღები პარტნიორი იქნება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის.“ განაცხადა ბატონმა სკინერმა.

არაბული რევოლუციების ფონზე არაბული ლიგის გააქტიურება სირიის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ამ ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის ნაბილ ალ-არაბის პოლიტიკურ ამბიციებზე მეტყველებს.

ლონდონში მდებარე არაბული და ირანული კვლევის ცენტრის დირექტორის ალიზერა ნურიზადეს განცხადებით:“ ცალ-ცალკე აღებული არაბული სახელმწიფოების მთავრობები არ სარგებლობენ დიდი ავტორიტეტით საერთაშორისო არენაზე, მაგრამ როდესაც ისინი არაბული ლიგის ეგიდით და არაბი ხალხის სახელით გამოდიან, ეს უფრო სერიოზულად აღიქმება.“

ერაყის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ბაღდადის შეხვედრის შემდეგ მსოფლიო მათ მეტი პატივისცემით მოეპყრობა. განსაკუთრებით ის სუნიტური ქვეყნები, საუდის არაბეთის მეთაურობით, რომლებიც ამ შეხვედრას ბოიკოტს უცხადებენ ერაყის შიიტური მთვარობის ირანთან კავშირის გამო.

ალირეზა ნურიზადეს განცხადებით:

“ ისინი ამ შეხვედრას არაბულ სამყაროში დაბრუნებად აღიქვამენ, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერაყის მომავალი განვითარებისთვის.“

არაბული ლიგის შეხვედრას ორი ძირითადი მიზანი აქვს, ახლო აღმოსავლეთში ერაყის გავლენის აღდგენა და სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების შეწყვეტა. თუმცა, როგორც პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, ამ მიზნების მიღწევა არცთუ ისე ადვილი საქმეა.

XS
SM
MD
LG