შეერთებულ შტატებში დემოკრატების და რესპუბლიკელების გარდა სხვა პოლიტიკური გაერთიანებებიც არსებობს, თუმცა ეს ორი პარტია ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს გამოხატავს. თუ რა არის ამის საფუძველი, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეფრი იანგი არკვევდა.
ამერიკულ პოლიტიკაში დემოკრატების და რესპუბლიკელების დომინანტობა აშკარაა. უკვე საუკუნენახევარია, რაც ისინი თეთრ სახლს და კონგრესს ერთმანეთის მონაცვლეობით იკავებენ.
ორივე პარტიის ისტორია 1700-იანი წლებიდან იღებს სათავეს. 1800-იანების შუა პერიოდში კი ისინი საბოლოოდ ისეთი სახით ჩამოყალიბდნენ, როგორც დღეს არიან წარმოდგენილი. მეოცე საუკუნეში ორივე პარტიას ყავდა პრეზიდენტი, რომელიც მათი პრინციპების იდეალად იქცა.
„რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი 1980 წელს აირჩიეს. მან შექმნა პარტიის ისეთი დღის წესრიგი, რომელიც დღესაც მოქმედებს. რესპუბლიკური პარტია შეზღუდული მთავრობის მომხრეა. დაბალი გადასახადები და თავისუფალი ბიზნესი კონსერვატორთა მთავარი დღის წესრიგია,“ - ამბობს რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტის წევრი შონ სპაისერი.
დემოკრატიული პარტიის საკულტო ფიგურა ფრანკლინ რუზველტი იყო. ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1933 წელს გახდა, როდესაც ქვეყანაში „დიდი დეპრესია“ იყო გამეფებული.
რუზველტის „ახალი გზა“ ხელისუფლების მიერ ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებას ისახავდა მიზნად, რასაც საბოლოო ჯამში მშრომელთა კლასის დაცვა უნდა უზრუნველეყო. მელანი რასელი დემოკრატების ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელია.
„დემოკრატები მუდამ ცდილობენ მშრომელთა დახმარებას და ამერიკული ოცნების განხორციელებას, რაც ნიშნავს სახლის შეძენის, ბავშვებისთვის განათლების მიცემის და მოხუცთა დახმარების შესაძლებლობას. ეს არის ხალხთან მთავრობის მუდმივი მუშაობის შედეგი,“ - ამბობს რასელი.
როგორც ის ამბობს, დემოკრატების მთავარი დასაყრდენი ახალგაზრდა ამერიკელები, ქალები, აფროამერიკელი და ესპანურენოვანი ამომრჩევლები არიან. რესპუბლიკელთა ამომრჩევლებს კი ტრადიციებზე ორიენტირებული, კონსერვატორი და ქრისტიანი ამერიკელები წარმოადგენენ. ერთ დროს რესპუბლიკელები შეძლებული ფენის პარტიად ითვლებოდა, თუმცა რონალდ რეიგანმა და მანამდე რიჩარდ ნიქსონმა შეძლეს რესპუბლიკელებისკენ მშრომელთა კლასი მიმხრობაც, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატების მხრადამჭერები იყვნენ. შონ სპაისერი ამბობს, რომ რესპუბლიკელთა გავლენა სამხრეთში უფრო ძლიერია, ვიდრე შუადასავლეთში. ამჟამად პარტიის მთავარი სტრატეგიას ქვეყნის დასავლეთში გაძლიერება წარმოადგენს.