ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ბუნდოვანი მომავალი


ერაყის ბუნდოვანი მომავალი
ერაყის ბუნდოვანი მომავალი

მიღწეული წარმატება თუ ვაკუუმის საფრთხე

ერაყში ცხრაწლიანი ომი დასრულდა. იქ დარჩენილი ამერიკული სამხედრო ნაწილები წლის ბოლომდე დატოვებენ ქვეყანას. ანალიტიკოსებს შორის სამხედრო კამპანიის წარმატების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ამ თემას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მერედით ბუელი იკვლევდა.

ამერიკის სამხედრო კოლონები ერაყიდან ქუვეითში გადადიან. სამხედრო ბაზებზე შეერთებული შტატების დროშები ეშვება. „სიბიესის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ამერიკელთა 77 პროცენტი ერაყიდან ჯარების გაყვანას ამართლებს. ამ მოსაზრებას სერჟანტი ფრედ ფოქსიც ეთანხმება.

„ჩვენ რაც შევძელით, მათ დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა, უკვე დროა სამშობლოში დავბრუნდეთ, მათ კი საკუთარ თავზე თავად იზრუნონ,“ - ამბობს სერჟანტი ფოქსი.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ როგორ შეაფასებენ მომავალში ისტორიკოსები ერაყის კამპანიას. თუმცა, დღევანდელი ანალიტიკოსები ერთ მიღწეულ წარმატებზე უკვე თამამად საუბრობენ. ფრედერიკ კაგანი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ანალიტიკოსია.

„ჩვენ დავამხეთ სადამ ჰუსეინი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა,“ - ამბობს კაგანი.

თუმცა მეორე საკითხია, თუ რამდენად შესრულდა შეერთებული შტატების მიზნები. ამერიკელი მკვლევარი პიტერ ვან ბურენი ერაყის ომის მოწინააღმდეგეა.

„ორმა პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ჩვენი მიზანი ერაყში სტაბილური დემოკრატიის შექმნა იყო, რომელიც ამერიკის მოკავშირე იქნებოდა და ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლებდა. ძალიან ძნელი სათქმელია, თუ რამდენად არის ეს მიზნები მიღწეული,“ - ამბობს პიტერ ვან ბურენი.

2006 წელს ერაყში ძალადობის ძლიერმა ტალღამ იფეთქა. ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ქვეყანა რელიგიური დაპირისპირების მიჯნაზე იდგა. შედეგად, პრეზიდენტმა ბუშმა ერაყში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა, რამაც დაპირისპირება მნიშვნელოვნად შეასუსტა.

ფრედერიკ კაგანი ბუშის ამ ნაბიჯს სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი აზრით, ამ ქმედებით ანტიტერორისტული კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა.

შეერთებულმა შტატებმა ერაყის განვითარების პროექტებში 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. თუმცა, ოპონენტების განცხადებით, რეკონსტრუქციაზე მხოლოდ მცირე ნაწილი დაიხარჯა. ამ მოსაზრებას ავითარებს პიტერ ვან ბურენიც. მისი აზრით, ამ თანხის ძირითადი ნაწილი მიმართული იყო უსაფრთხოების სფეროებზე, ასევე პრობლემა იყო ამ თანხების სწორი მართვა. იყო შემთხვევები როდესაც ფული არასწორი მიმართულებით მიდიოდა და იკარგებოდა.

ადამ მოსნერი სტრატეგიის და საერთაშორისო კველევბის ცენტრის ანალიტიკოსია.

„ჯარების გაყვანა რეგიონში უდიდეს ვაკუუმს წარმოქმნის, რასაც ახლო აღმოსავლეთი ვერ იტანს. ამდენად ამერიკის ჯარების გაყვანის შემდეგ ერაყში ირანის გავლენა გაძლიერდება,“ - ამბობს მოსნერი.

ასეა თუ ისე, ამერიკის ჯარები ერაყს ტოვებენ. ამ ომმა 4500 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. დახარჯულმა ფინანსებმა კი 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამერიკელი ჯარისკაცები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ომში წარმატებას მიაღწიეს და მნიშვნელოვანი მისია შეასრულეს. მილიონობით ერაყელისთვის კი მათი ქვეყნის მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული.

XS
SM
MD
LG