ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა სირიაში


ხელისუფლების მხარდამჭერი შეიარაღებული ძალები ამბოხებულებს ძველებურად უტევენ

სირიელ უფლებადამცველთა განცხადებით პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერმა ძალებმა ამბოხებულების მიერ გამაგრებულ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს შეუტიეს. მორიგ ორთაბრძოლაში 40 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტების ცნობით შეტევა ცენტრალური სირიის ქალაქ რასტანში და სამხრეთ პროვინციაში მდებარე დარააში განხორციელდა.

"ნიუ იორკ თაიმსის" წყაროების მიხედვით ორთაბრძოლა ჩრდილოეთის ქალაქ სარაქებშიც გაიმართა. ოთხდღიანი შეტევის შემდეგ ქალაქი ამოუცნობი გვამებით და დაჭრილებით გაივსო. ადგილობრივი საკოორდინაციო ჯგუფი "წითელი ჯვრის" და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებას მოითხოვს, რათა მათი თქმით "დაშავებულების მკურნალობა და გვამების დაკრძალვა" გახდეს შესაძლებელი.

პარალელურად არაბული ქვეყნების ლიგა ახალ დიპლომატიურ გზას მიმართავს, რათა სირიაში ერთ წელიწადზე მეტხანს მიმდინარე არეულობა მოგვარდეს. ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაღდადის შეხვედრაზე გაეროს სპეციალური დესპანის, კოფი ანანის ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ერთი დღით ადრე კოფი ანანმა განაცხადა, რომ სირიამ სამშვიდობო გეგმა მიიღო, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და დიალოგის განახლებას ითვალისწინებს. დესპანმა სირიის ხელისუფლებას გეგმის დაუყოვნებლივ დანერგვისკენ მოუწოდა.



XS
SM
MD
LG