ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუზან სარანდონი - კეთილი ნების ელჩი


სუზან სარანდონი - კეთილი ნების ელჩი
სუზან სარანდონი - კეთილი ნების ელჩი

წარმატებული კარიერის პარალელურად, სუზან სარანდონი მთელი ცხოვრება აქტივისტურ საქმიანობაშია ჩაბმული.

მსახიობი სუზან სარანდონი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. როგორც თავად მსახიობი აღნიშნავს, ახალი პასუხისმგებლობა მისი ცხოვრების ერთერთი მთავარი მიზანია.

რამდენიმე ათეული წელია, 64 წლის ოკსაროსანი მსახიობი აქტივისტურ საქმიანობაშია ჩაბმული და უამრავ ადამიანს სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის საშუალებით, დახმარების ხელს უწვდის.

როგორც სუზან სარანდონი აღნიშნავს, მას სურს და აქვს საშუალება, სხვისი ცხოვრების სიმძიმე საკუთარ მხრებზე გადაიტანოს და მათთან ერთად ცხოვრებაში ახალ სასიკეთო ცვლილებებს შეეგებოს.

სუზან სარანდონი ცხრაშვილიან ოჯახში გაიზარდა და და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო. გასული წლის სამოციანი წლებში, ეკონომიკურად დუხჭირ ცხოვრებაში გაზრდილმა სუზანმა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ვაშინგტონის კათოლიკურ უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ამის შემდეგ დაიწყო სუზან სარანდონისა და კინოს მთელი ცხოვრების სიყვარული, რომელიც მალე დაუფასდა და კინოში არაჩვეულებრივად შესრულებული არაერთი როლის შემდეგ, 1995 წელს კინოაკადემიამ სუზან სარანდონს ფილმში „სიკვდილმისჯილი მოდის “, მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარის პრემია მიანიჭა.

ასე გაიცნო და შეიყვარა მსოფლიომ მსახიობი სუზან სარანდონი, რომლის მიერ განსახიერებული გმირები ყოველთვის ძალზე ჰუმანური, უშუალო , ექსპრესიული და ძლიერი სულის ადამიანები არიან.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული კარიერის პარალელურად, სუზან სარანდონი მთელი ცხოვრება აქტივისტურ საქმიანობაშია ჩაბმული. შიდსის, ტრეფიკინგისა და შიმშილობის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი ქალბატონი ცდილობს ბრწყინვალე აქტიორული კარიერა და პოპულარობა ზოგადსაკაცობრიო პრობლემათა დაძლევისთვის გამოიყენოს.

ამიტომაც ახლახანს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ასოციაციამ გადაწყვიტა მსახიობი სუზან სარანდონი გაეროს კეთილი ნების ელჩად დაენიშნა. სარანდონმა გაეროს მხრიდან მიცემული მაღალი შეფასებისა და საპასუხისმგებლო მისიის დაკისრების შემდეგ, საზოგადოებას მიმართა:

„როგორც დედას, წარმომიდგენია, თუ რაოდენ დამთრგუნველია, როცა შვილი მშიერი გყავს და მისი გამოკვება არ შეგიძლია. ამიტომ ვიღებ ამ პასუხისმგებლობას ისე, როგორც სტიმულს მომავალი ქმედებებისკენ“

რომში გაეროს ოფისში შეერთებული შტატების მისიის ელჩი ეთარინ კოუზინი სუზან სარანდონის ახალ თანამდებობაზე დანიშვნით აღფრთოვანებულია:

„უდიდესი პერსპექტივაა, როცა ისეთი პოპულარული ადამიანი, როგორიც სუზან სარანდონია, მსოფლიოში მშიერ ადამიანთა გამოკვებაზე იზრუნებს. მის ნიჭიერებასა და შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ და მჯერა, რომ ისევე როგორც პროფესიაში, აქაც იგი ბოლომდე დაიხარჯება“

და მართლაც, მსახიობი სუზან სარანდონი ყველანაირად ცდილობს, შემოქმედება და აქტივისტური საქმიანობა ერთმანეთს შეუთავსოს და ორივე სფეროში თანაბრად წარმატებული და რეალიზებული იყოს.

XS
SM
MD
LG