ახალ დოკუმენტურ ფილმში „საოცარი პომი - უდიდესი ფილმი, რომელიც ოდესმე გაყიდულა“, მორგან სპურლოკი ფილმებში და სერიალებში რეკლამის განთავსებაზე მოგვითხრობს.
„ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში რეჟისორმა განაცხადა, რომ ფილმის იდეა საყვარელი სერიალის - „ჰიროუზის“ ყურების დროს მოუვიდა:
„ერთ-ერთ ეპიზოდში ჰეიდენ პენეტერი, ფილმის გმირი სკოლიდან გამოდის. მისი დაბადების დღე ახლოვდება. მამა ეუბნება - „მე და დედა ვამაყობთ შენით, ჩემო საყვარელო“ და ჯიბიდან მანქანის გასაღებს იღებს. კადრში ნისანის საფირმო ნიშანი ჩნდება. შემდეგ კადრი ისევ ჰეიდენზე ბრუნდება, რომელიც ყვირილს იწყებს: „ვაიმე, ნისანის რუჟი! ღმერთო ჩემო, არ მჯერა, რუჟს მაძლევ? ეს რუჟია, რუჟი!“ გავოგნდი. ხმა ჩამივარდა. აშკარად შუა ფილმში არაოფიციალურ რეკლამას ვუყურებდი - ამბობს რეჟისორი.
ფილმის დასაწყისში სპურლოკს მაყურებელი თან მიჰყავს კინოსტუდიების მარკეტინგის დირექტორებთან შეხვედრაზე და ჩვეული მშრალი იუმორით მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ უხდება რეჟისორს ახალი პროექტისთვის სახსრების მოპოვება.
სპურლოკი ყველას შემდეგი ტექსტით მიმართავს: „ფილმს მარკეტინგზე და რეკლამის განთავსებაზე ვიღებ. ოღონდ თვითონ მარკეტინგის და რეკლამის განთავსების მსურველმა მინდა რომ დამაფინანსოს“. მას ყველგან უარს ეუბნებიან. მას შემდეგ, რაც სპურლოკმა მაკდონალდის კომპანიის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა, მასთან საქმის დაჭერა აღარავის სურს.
ბოლოს და ბოლოს რეჟისორს გაუმართლებს და მას ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანია „პომი“ გაუფორმებს ხელშეკრულებას. აქედან მოდის ფილმის სახელწოდებაც - „საოცარი პომი“. როგორც კი პომმა მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია გააკეთა, სხვა კომპანიებიც იოლად დათანხმდა. მათ შორის მინი კუპერიც იყო.
ფილმი საკმაოდ სასაცილოა და ამავე დროს თანამედროვე მარკეტინგის ბნელ საკითხებს ჰფენს ნათელს. როგორც ირკვევა, რეკლამის სწორად შერჩევაში სამედიცინო აპარატურა და მთელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიც კი არიან ჩართულნი. ადამიანის თავის ტვინს დიაგნოსტიკურ აპარატზე აკვირდებიან და წინასწარ იციან, თუ რაზე ახდენს გონება რეაგირებას. რეკლამის შერჩევაც იმის მიხედვით ხდება, თუ ტვინის რომელ ცენტრზე ჭირდება დამკვეთს რეაგირება: შიშზე, წყურვილზე, სექსის მოთხოვნილებაზე და ასე შემდეგ.
თავად რეჟისორმაც გაიკეთა კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდეგ კონსულტაცია მარკეტინგის ექსპერტთან გაიარა.„ეს თქვენი თავის ტვინის სურათია. გასაოცარი რაოდენობის აქტიურობა შეინიშნება. ატყობთ, რომ პროცედურის შემდეგ კოკა-კოლა მოგინდათ“?
სპურლოკი ამბობს, რომ ფილმების უმრავლესობა სწორედ ასე ფინანსდება. მან გახმაურებულ ფილმში „რკინის კაცი“ 100-მდე ფარული რეკლამა დაითვალა...
რეჟისორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსგავსი გარიგებების შემთხვევაში ხელოვანის თავისუფლება იზღუდება და მისი კეთილსინდისიერებაც, რა თქმა უნდა, კომპრომეტირებულია.
„როგორც კი კინოსტუდასთან ან ტელევიზიასთან იჭერ საქმეს, იმწამსვე სცენარისტთა ოთახში სარეკლამო კომპანიები ჩნდებიან და იმასაც კი გკარნახობენ, თუ როგორ ააწყო დიალოგი.“
სპურლოკმა ამჯერად შემოქმედებითი თავისუფლების შენარჩუნება მაინც მოახერხა და თავისი ფილმით სხვა რეჟისორებს და სცენარის ავტორებსაც მოუწოდებს არაფრით დათმონ საკუთარი ხედვა და სტილი, რაც თითოეულ მათგანს უნიკალურს ხდის.