ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზეიმო აღლუმი გორში


მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ასევე პოლიციის მიღწევებზე და განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით ამ უწყების რეიტინგი საზოგადოებაში 90 პროცენტია, რაც უთანაბრდება მხოლოდ ეკლესიისა და შეიარაღებული ძალების რეიტინგს.

გიორგობის დღესასწაულზე, პოლიციის პროფესიულ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო აღლუმი გორში ჩაიბარა, „მტრის ჯინაზე“, როგორც მან თავად განაცხადა. პრეზიდენტი და საპატიო სტუმრები სწორედ იმ ადგილს იკავებდნენ, სადაც ორი წლის წინ სტალინის ძეგლი იდგა, გორის ცენტრალურ მოედანზე. საზეიმო აღლუმისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამისთვის საგანგებოდ მოეწყო მოედანი და დამონტაჟდა ტრიბუნები. აღლუმში 5 ათასი პოლიციელი იღებდა მონაწილეობას. მოედანზე საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, საზღვაო და სახმელეთო ჯარების წარმომადგენლებმა. აღლუმში სპეცტექნიკაც მანევრირებდა, პოლიციის ავტომანქანების გარდა, მსვლელობაში მონაწილეობდა ორი სახის ჯავშანტექნიკა, „კობრა“ და ეგრეთ წოდებული „მგელი“.

მას შემდეგ, რაც აღლუმი ჩაიბარა, პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა. მან ისაუბრა ქართული სახელმწიფოს მიღწევებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ძალოვანი უწყების წარმატებულ რეფორმირებაზე, რომელიც სამაგალითოა ყველა, მათ შორის მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნისთვისაც. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის შედარება შეიძლება მხოლოდ ათი საუკუნის წინანდელ, დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოსთან, რადგან ახლაც ისევეა კონსოლიდირებული და გაერთიანებული ქვეყანა, როგორც ამ ძლევამოსილი მეფის მოღვაწეობის დროს.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ასევე პოლიციის მიღწევებზე და განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ამ უწყების რეიტინგი საზოგადოებაში 90 პროცენტია, რაც უთანაბრდება მხოლოდ ეკლესიისა და შეიარაღებული ძალების რეიტინგს. მისივე თქმით, საქართველო, უსაფრთხოების თვალსაზირისით, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. პრეზიდენტი ამას აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკითხვებზე დაყრდნობით:

„ადრე, თუ ზოგჯერ გვაკრიტიკებდა ევროკავშირი, ახლა მისივე გამოკითხვებით საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ჩვენ ჩვენი მიღწევების შესახებ ცოდნა გავუზიარეთ და დავეხმარეთ ავსტრიას, ესპანეთს, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს... ჩვენ მთელი მსოფლიო შეგვნატრის“,– განაცხადა პრეზიდენტმა საზეიმო აღლუმზე და შინაგანა საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი გაწეული სამსახურისთვის წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა აღლუმის შემდეგ გორის ძველ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და გეზი ბათუმისკენ აიღო.

საზეიმო აღლუმის პარალელურად, დღეს გორში სხვა, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციული რიტუალური დღესაასწაულიც აღინიშნა. გიორგობას გორში წმინდა გიორგის სალოცავში მასობრივი მსვლელობით აღნიშნავენ. მორწმუნეები „გორიჯვრის“ ეკლესიაში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს, ფეხით, ზოგჯერ კი შიშველი ფეხიაც ადიან. იქამდე გრძელი და დამრეცი მთის გზა მიდის. გადმოცემის თანახმად, მასში წმინდა გიორგის ნაწილი ინახება. საუკუნეების მანილზე გორიჯვრის ეკლესიას მოსახლეობა შესაწირით აკითხავს, თუმცა დღეს ბევრი ახალგაზრდა მიიღნევს, რომ ცხვრის და მამლის შეწირვა ტაძრისთვის წარმართული გადმონაშთი და არასწორი საქციელია.

გორის ცენტალურ მოედანს ასეთი მასობრივი აღლუმი არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით კომუნისტურ პერიოდს, როდესაც პირველი და ცხრა მაისი ამგვარი პომპეზურობით აღინიშნებოდა. დღესვე სოფელ ახალსოფელში პოლიციის ახალი განყოფილება გაიხსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლადპრეზენტირებული შენობიდან 4 კილომეტრში რუსული ბლოკპოსტებია განთავსებული. თუმცა შიდა ქართლში ეს ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ამგვარი ბლოკპოსტები ჩანს. გორი–თბილისის ცენტრალური მაგისტრალიდან ჩრდილოეთის მხარეს არა მხოლოდ ბლოკ საგუშაგოები, არამედ რუსული სამხედრო ბაზებიც თვალის ყოველგვარი შეიარაღების გარეშე შეგიძლიათ დაინახოთ.

XS
SM
MD
LG