დღეს პრეზიდენტმა ობამამ ყოველკვირეული მიმართვა ამერიკელ სტუდენტთა სასიცოცხლო ინტერესს მიუძღვნა. ივლისის თვეში ვადა გასდის სასწავლო კრედიტების თაობაზე მიღებულ კანონს, რომელიც დავალიანებაზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას აჩერებს.
რადიო და ინტერნეტით გავრცელებულ მიმართვაში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „არ შეიძლება სწავლა და განათლება ფუფუნების საგანი გახდეს“. ქვეყნის ეკონომიკა იმის საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ უმაღლესი განათლების მიღება ნებისმიერ ამერიკელს შეეძლოს.
რესპუბლიკელთა მხრიდან ყოველკვირეული კომენტარი მისურის შტატის სენატორმა, როი ბლანტმა, გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტმა მთავარი აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა გააკეთოს. პრიორიტეტად კი „კეისტოუნის“ პროექტის დამტკიცება დაისახოს. ახალი ნავთობსადენი კანადას შეერთებული შტატების გავლით მექსიკის ყურეს დააკავშირებს.