შეერთებული შტატების ახალი თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ავღანეთში ჩავიდა მოულოდნელი ვიზიტით. მისი თქმით, მოახლოვებულია ალ-ყაიდას სტრატეგიული დამარცხება.
პირველ ივლისს პენტაგონში მისვლისთანავე, ლეონ პანეტამ თავისი მიზნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ალ-ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ უნდა მოხდეს ტერორისტების 20-მდე ლიდერის ლიკვიდაცია პაკისტანში, იემენში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სომალიში.
პენტაგონის ახალი უფროსის განცხადებით, ალ-ყაიდას ახალი ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი პაკისტან-ავღანეთის საზღვრისპირა ტომებით დასახლებულ რაიონში იმყოფება, რომელიც ფაქტიურად ავტონომიური ერთეულია პაკისტანის შემადგენლობაში.
ლეონ პანეტამ ასევე ილაპარაკა ამერიკაში დაბადებული რადიკალი მუსლიმი სასულიერო პირის ანვარ ალ-ავლაკის შესახებ, რომელიც ამჟამად იემენში იმყოფება.