საქართველოში სომეხთა სათვისტომომ უკვე მეორედ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის ფაქტზე იმსჯელონ. შარშანდელი მიმართვისგან განსხვავებით, სადაც სომეხთა სათვისტომო სომეხთა გენოციდის აღიარებას კატეგორიულად მოითხოვდა, წელს მოთხოვნის ტონი შერბილებულია და საპარლამენტო განხილვების დონეზეა დაყვანილი.
სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა ტრადიციულად ეს მოთხოვნა საქართველოში თურქეთის საელჩოს წინ გააჟღერეს, სადაც თბილისის მერიის მიერ ნებადართული მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
აქციაში საქართველოში მოქმედი ყველა სომხური ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის, სომეხთა სათვისტომო, ახალგაზრდობის სომხური კავშირი, თანამშრომლობის სომხური ცენტრი, სტუდენტთა სომხური ასოციაცია, თბილისელ სომეხთა ასამბლეა და გაერთიანება „ნორ სერუნდი“. მიხეილ ავაქიანმა, საქართველოს სომეხ ახალგაზრდათა კავშირის ლიდერმა კერძოდ განაცხადა
„ჩვენ ვითხოვ, რომ საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ , ასევე საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს ან სცნოს ეს ფაქტი, კონკრეტულად, 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული სომეხთა გენოციდი“
სომეხთა აქციას თბილისში, წინ უძღოდა, მუქარის წერილი, რომელიც საქართველოში თურქეთის საელჩომ ASALA-სგან მიიღო. ASALA იგივე „სომხური საიდუმლო არმია სომეხთა განსათავისუფლებლად“ სომხური ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც 1975 წელს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დაარსდა.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, ASALA-ს ტერორს 34 თურქი დიპლომატი შეეწირა, მათ შორის თურქეთის ელჩები საფრანგეთში, ავსტრიასა და ესპანეთში. ASALA-ს ყველაზე გახმაურებული ტერორისტული ოპერაციები იყო 1981 წელს, პარიზში თურქეთის საკონსულოს 15 საათიანი დაკავება და 1982 წელს, ანკარას აეროპორტის აღება.
დღემდე მიიჩნეოდა, რომ 1991 წელს, ASALA-მ არსებობა შეწყვიტა, ამიტომ მუქარის წერილების გამო საქართველოში თურქეთის საელჩოს დაცვა გაუძლიერეს. სხვა რაიმე ოფიციალური განმარტება ამ ფაქტზე არ გაკეთებულა. მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი არნოლდ სტეფანიანი ამბობს
„თურქებმა ჯერ გაანადგურეს ოსმალეთის იმპერიის არმიის სომხური წარმოშობის ჯარისკაცები, დაახლოებით 100 ათასამდე მებრძოლი, შემდეგ გაანადგურეს სტამბოლის სომხური ინტელიგენცია და შემდეგ გადავიდნენ მასაზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე.
ნებისმიერი გენოციდი ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ არსად არ უნდა განმეორდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ამ გენოციდებზე და უნდა ვაღიაროთ ეს ფაქტები.“
საქართველოს პარლამენტში, სადაც ერთდროულად რამდენიმე კომიტეტი სწავლობს რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარების საკითხს, სომეხთა გენოციდის თემის განხილვას არ ჩქარობენ.
გასულ კვირას, ერევანში სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სომეხ კოლეგასთან ერთად გენოციდის აღიარების თემაც განიხილა. კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს საქართველოს აღიაროს სომეხთა გენოციდი, ქართველმა მინისტრმა მხოლოდ განაცხადა, რომ „სომეხთა ტკივილი ქართველი ხალხის გულთან ახლოსაა“.
საპარლამენტო კომიტეტების თავჯდომარეებმა შოთა მალაშხიამ და ნუგზარ წიკლაურმა უკვე კი ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველოს პარლამენტი, ახლო მომავალში სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მზად არ არის.
შოთა მალაშხია: „ეს არის საკმაოდ რთული თემა, ჯერ ისტორიკოსების დონეზე შესასწავლი. რაც არის ფაქტი, არის ის, რომ უფრო მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ეთნოწმენდასა და გენოციდზე. იგივე სომხური დიასპორა თუ მიმართავს სომხეთის პარლამენტს თხოვნით, რომ სცნონ საქართველოში მომხდარი ფაქტები, ეს იქნებოდა, ჩვენი სახელმწიფოსი, საერთაშორისო თანამეგობრობის და მათი ღირსების საკითხიც.“
ნუგზარ წიკლაური: „სომეხთა გენოციდის საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის არცერთი ქვეუწყების მიერ არ არის დაწყებული. თუ რამდენად შესაძლებელია ამგვარი კონსულტაციების დაწყების შესაძლებლობა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დროის საკითხი და პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხიც.“
სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ 1915 წლის 24 აპრილი მიიჩნევა, როცა თურქმა მმართველებმა სტამბოლის სომხობის გადასახლება და განადგურება დაიწყეს. სხვადასხვა ცნობებით, გენოციდს მილიონიდან მილიონ ნახევარი სომეხი შეეწირა.
სომეხთა გენოციდის ფაქტი პირველმა ოფიციალურად 1965 წელს აღიარა ურუგვაიმ, მას შემდეგ, აღიარებას კიდევ 21 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და კანადა.
2009 წელს, სომეხთა გენოციდი ასევე აღაირეს ავსტრალიამ და შვედეთმა. თურქეთი და თურქული ისტორიოგრაფია ოსმალეთის იმპერიაში სომხური მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების ფაქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.