რუსული მედიის და ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, რუსეთმა გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე, რომელიც ამ თვის დასაწყისში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს.
ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, მიზნად საუდის არაბეთში სამშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის შემცირებას ისახავდა.
28 წლის კალობ ბაიერსი 7 თებერვალს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს, როცა საბაჟოს წარმომადგენლებმა მის ბარგში კანაფის შემცველი მარმელადი აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, ბაიერსი სტამბოლიდან რუს საცოლესთან ერთად მოგზაურობდა, რომელიც ასევე დააკავეს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან ქვეყანაში „მნიშვნელოვანი ოდენობით“ ნარკოტიკების შეტანა სცადა და მის წინააღმდეგ საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით აღიძრა, რაც 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ბაიერსი გაათავისუფლეს და ამჟამად მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში იმყოფება, სადაც სამშობლოში დასაბრუნებლად რეისს ელოდება, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა”, რომელიც მისი მშობლების “ფეისბუქის” პოსტს ციტირებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა “ასოშიეიტედ პრესთან” რომ ბაიერსი კვირას, გვიან საღამოს გაათავისუფლეს და საელჩოში გადაიყვანეს. ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით ისაუბრა, რადგან მას არ ჰქონდა ნებართვა ეს საკითხი საჯაროდ განეხილა.
ჯერ უცნობია, გათავისუფლდა თუ არა ბაიერსის საცოლე. რუსული მედიის ცნობით, მისი ვინაობა ნაიდა მამბეტოვაა და ის იგივე ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ბოლო წლებში რუსეთში ამერიკელი მოქალაქეების დაკავება სულ უფრო გახშირდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე. ორმა ქვეყანამ პატიმრები რამდენჯერმე გაცვალა. ბოლო გაცვლისას გათავისუფლდა მარკ ფოგელი – პენსილვანიელი მასწავლებელი, რომელიც რუსეთში იმავე ბრალდებით იყო დაკავებული, რაც ბაიერსს ჰქონდა წაყენებული.