ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ქართულ  სიმღერებს ამერიკელები ასრულებენ


გუნდის რეპერტუარი საკმაოდ ფართოა და საეკლესიო საგალობლების გარდა, ქართლ-კახურ, იმერულ, გურულ, მესხურ, მეგრულ და სვანურ ხალხურ სიმღერებსაც მოიცავს. კონცერტზე „ნიავთან“ ერთადჯგუფი „სლავენაც“ ასრულებდა ქართულ სიმღერებს.

ითხვაზე თუ როგორ დაიბადა „ნიავის“ შექმნის იდეა? გუნდის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ანდრეა ჰარისმა გვიპასუხა:

„გუნდის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში ჩემი სანუკვარი ოცნება იყო. მე პირველად იელის უნივერსიტეტში სწავლისას გავეცანი ქართულ სიმღერას. მაშინ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მე უნივერსიტეტში არსებულ გუნდში ვმღეროდი. ეს გუნდი ბულგარული სიმღერების შესრულებით იყო დაკავებული. ჩვენ რუსული სიმღერების შემსრულებელთა გუნდთან ერთადაც ვმღეროდით ხოლმე და სწორედ მათი შესრულებით მოვისმინე პირველად ქართული სიმღერა. მე მყისვე მოვინუსხე ქართული მუსიკით და მას შემდეგ საქართველოს დიდი მეგობარი ვარ. პირველად თქვენს ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე. მოგვიანებით იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. საქართველოში გავიცანი კარლ ლინიჩი, რომლის გუნდსაც „ოქროს სტუმრები ერქვა“. ეს ძალზე მნიშვნელოვანი დრო იყო ჩემთვის. მაშინ ათობით ქართული სიმღერა შევისწავლე. ხოლო როდესაც შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ ქართული მუსიკის გარეშე აღარ შემეძლო. ქართული სიმღერის შესრულებას ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ. ეს სიმღერა სულიერ საზრდოს მაძლევს. ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ხალხის შეგროვებას და ბოლოს და ბოლოს ათი ადამიანი შევაგროვეთ. საბოლოოდ გვინდა გუნდის წევრების რაოდენობა თორმეტ თოთხმეტ კაცამდე გავზარდოთ.

„ჩვენ კვირაში ერთხელ საღამოობით ვიკრიბებით და მართალი გითხრათ ბევრს არ ვმღერით, უფრო ქართულ ღვინოს და საჭმელს მივირთმევთ. ბუნებრივია ჩვენ პროფესიულ ჯგუფად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ და ამიტომაც რეპეტიციებს დიდი ინტენსიურობით არ ვატარებთ. საკუთარი სიაამოვნებისთვის ვმღერით“. დაასრულა ჩვენთან საუბარი ქალბატონმა ჰარისმა. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა ვაშინგტონი.

XS
SM
MD
LG