ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წიგნი “თენგიზ აბულაძე, ანარეკლები”


31 იანვარს თენგიზ აბულაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა. კინორეჟისორმა საკუთარი სახელი ფილმებით გაითქვა, რომლებიც გასული საუკუნის 50-80-იან წლებში გადაიღო. პირველი იყო "მაგდანას ლურჯა" (რეზო ჩხეიძესთან ერთად, 1955 წ.), რომელსაც მოჰყვა: "სხვისი შვილები", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962 წ.), "ვედრება" (1967 წ.), "სამკაული ჩემი სატრფოსათვის" (1971 წ.), "ნატვრის ხე" (1976 წ.) და "მონანიება" (1984 წ.). მათ ავტორთან დაკავშირებული მოგონებები გაერთიანებულია წიგნში, სახელწოდებით "თენგიზ აბულაძე, ანარეკლები", რომლის პრეზენტაციაც 29 იანვარს გაიმართება.

ამ გამოცემის ღირსება ის არის, რომ მასში თავმოყრილია სხვადასხვა ადამიანთა მოგონებები და კიდევ, ფოტომასალა, რომელიც უნიკალურია და ყველას დააინტერესებს. მისი შემდგენლები არიან: ნანა ჯანელიძე და ნინო ნატროშვილი, ხოლო დიზაინერები - ნინო აბულაძე და ზურაბ მიქელაძე. წიგნის გამოცემაში განსაკუთრებული წვლილი "საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა" შეიტანა.

"გადავწყვიტეთ, მისი ანარეკლი მოგვეძებნა მათში, ვისთანაც მეგობრობდა და მუშაობდა", - წერს ნანა ჯანელიძე წინასიტყვაობაში, საიდანაც ვიგებთ, რომ წიგნზე მუშაობა 1994 წელს, თენგიზ აბულაძის გარდაცვალების შემდეგ დაუწყიათ.

ნანა ჯანელიძის გარდა, გამოცემაში შესულია: გუგული მგელაძის, რობერტ სტურუას, ნანი ჩიქვინიძის, ციცინო ციციშილის, სერგო ორჯონიკიძის, მანანა აბაზაძის, გია ჭუბაბრიას, გივი გიგაურის, ნოდარ გაბუნიას, გია ბადრიძის, რეზო კვესელავას, ალექსანდე ანტიპენკოს, გულიკო ომაძის, ზურაბ ინაშვილის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, კახი კავსაძის, ნათია ამირეჯიბის, თამაზ ჭილაძის, ავთო მახარაძის, მიხეილ აგრანოვიჩის, სოსო ცისკარიშვილის, ედუარდ შევარდნაძის, ელემ კლიმოვის, ანდრეი სმირნოვის, სოფიკო ჭიაურელის და სხვათა მოგონებები.

თენგიზ აბულაძის ფილმებიდან განსაკუთრებით ყველას სხვადასხვა უყვარს. მერაბ კოკოჩაშვილისთვის ასეთია "ვედრება", რომელმაც 1974 წელს, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. ბ-ნი მერაბი აღნიშნავს: - "მე ყევლაზე მნიშვნელოვნად "ვედრება" მიმაჩნია. "ნატვრის ხე" კლასიკურ, ეროვნულ, კოლორიტულ ხასიათზეა აგებული. ძალიან მიყვარს ამ ფილმის ბევრი ეპიზოდი, თუმცა ყველაზე ემოციური "მონანიებაა".

გამოცემაში ბევრი საუბრობს თენგიზ აბულაძის განსაკუთრებულ ნიჭზე, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდებოდა. წიგნის პრეზენტაციის დღეს, მას იხსენებდნენ მისი მეგობრები დრამატურგი რეზო კვესელავა, მსახიობი კახი კავსაძე და რეჟისორი გია ჭუბაბრია.

წიგნის კითხვისას შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ მასში მოგონებები ისეა შეტანილი, როგორც დაიწერა, ყოველგვარი შელამაზებისა და გასწორების გარეშე. თითოეულ ავტორს ხელწერითა და თხრობის მანერითაც გამოარჩევთ. თენგიზ აბულაძის შემოქმედების ერთგვარი ანალიზია მოცემული წერილში, რომელიც კრიტიკოსსა და პუბლიცისტს, აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის. ის რეჟისორის პიროვნულ თვისებებსაც ეხება და წერს: - "ჩემთვის ძნელია თენგიზის პიროვნულ თვისებებზე ლაპარაკი. 1955 წლიდან ვიცნობდი, გვქონდა საქმიანი და არასაქმიანი ურთიერთობა, მაგრამ მისგან არ მახსოვს ისეთი რამ, რომ მეფიქრა: ეს რატომ გააკეთა, ასე რატომ მითხრა, ეს რატომ მოხდა? ჩემთვის ეს იყო სათნოების განსახიერება. მე, მაგალითად, არ მომეწონა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და ადვწერე კიდეც კრიტიკული სტატია, მაგრამ ამას ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია, როგორც ვიყავით, ასევე დავრჩით. არავითარი გამოვლინება, რომ ამპარტავანია ან გაამაყებულია თავისი წარმატებით, მე არ შემიმჩნევია. "ჯარისკაცის მამასთან" დაკავშირებით მე და რეზო ჩხეიძემ საშინლად ვიჩხუბეთ, ელდართან "მიქელას" გამო. ასეთი უცაბედი აფეთქება და სერიოზული ჩხუბი თენგიზთან არ მქონია, მასთან ნებისმიერი შენიშვნის თქმას მოჰყვებოდა დაფიქრება, მსჯელობა".

XS
SM
MD
LG