ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“იავნანას” საქველმოქმედო კონცერტი


თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 21 იანვარს ჰაიტის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის მარჩელო ალვარესი, მიშელ კრაიდერი, ამბროჯიო მაესტრი და პაატა ბურჭულაძე მღეროდნენ.

ფონდ "იავნანას" ეგიდით ჩატარებული გალა–კონცერტიდან შემოსული თანხა დახმარების ფონდში გადაირიცხა. შემოსული თანხით საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" ტრადიციულად სახლის გასაღები მრავალშვილიან ქართულ ოჯახსაც გადასცა.

სამი ვოკალისტი სტუმრად - მარჩელო ალვარესი, მიშელ კრაიდერი და ამბროჯიო მაესტრი და მასპინძლად მეოთხე, თავად პაატა ბურჭულაძე. ოთხი ცნობილი მომღერლის, დიდი საოპერო სცენების ოთხი ვარსკვლავის აქციას შეუერთდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და გუნდი. რაც მთავარია, "იავნანას" ერთგული მეგობარი და პარტნიორი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

ამჯერად ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში მსოფლიოში აღიარებულ კოლეგებს პაატა ბურჭულაძე არა მხოლოდ "იავნანას" სახელით მასპინძლობდა, არამედ როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი. ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად დასავლეთში დაწყებულ საქველმოქმედო პროცესებში "იავნანას" ინიციატივით თბილისიც ჩაერთო. ხუთშაბათ საღამოს საქართველომაც სცადა მცირედი წვლილი შეეტანა მსოფლიოს დიდი ტრაგედიის დროს დაზარალებული ადამიანების, ბავშვების დახმარების პროცესში.

21 იანვრის კონცერტი პაატა ბურჭულაძისთვის საიუბილეოც გახლდათ. საჩუქრებზე უარი თქვა, თუმცა ერთი მაინც მიიღო. ის მოულოდნელი აღმოჩნდა. საქართველოს პატრიარქმა მას წმინდა გიორგის ოქროს მედალი გადასცა.

დასასრულს, პაატა ბურჭულაძემ 3 მარტის დიდი და გრანდიოზული კონცერტი დააანონსა. "იავნანა" "რუსთავი 2"-თან ერთად, თავისი უცვლელი პარტნიორებით კიდევ ერთ გრანდიოზულ საქველმოქმედო საღამოს გამართავს. საღამო ფონდის ჰიმნით დასრულდა. სცენიდან ისმოდა "მე მინდა მქონდეს სახლი", დარბაზში კი სტაჟიანი და ახალბედა ქველმოქმედებისგან, მათგან ვინც აკრიფა 30-30, გაიგონებდით: ბრავი პაატა, ბრავი "იავნანა"!

XS
SM
MD
LG