ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელას   პრეზიდენტი ჩავესი მეორე ვადით იქნა არჩეული


60-ც პროცენტზე მეტი ხმით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა ჩავესმა მეორე ვადით დაიკავა პრეზიდენტის სავარძელი. პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილ პრეზიდენტ ჩავესის მომხრეებს ქვეყნის პრეზიდენტმა ასე მიმართა:

-”გაუმარჯოს ვენესუელელ ხალხს! გაუმარჯოს სოციალისტურ რევოლუციას! გაუმარჯოს ბოლივარს! გაუმარჯოს ჩვენი ხალხის გამარჯვებას!”.

ბატონი ჩავესის თქმით ამომრჩევლებმა თავიანთი თავი აირჩის, რადგანაც იგი ხალხის მსახურია და მათ ნებას გამოხატავს. პრეზიდენტმა ჩავესმა თავისი გამარჯვება მის მოკავშირე კუბის პრეზიდენტს ფიდელ კასტროს მიუძღვნა და დასძინა, რომ ვენესუელის ხალხმა ამ არჩევანით დარტყმა მიაყენა ამერიკის იმპერიალიზმს.


არჩევნების შედეგების გამოცხადებისას დედაქალაქში ფეირ-ვერკები მოეწყო. პრეზიდენტ ჩავესის ოპონენტმა მანუელ როსალესმა მადლობა გადაუხადა თავის მომხრეებსა და აღიარა დამარცხება. თუმც, მან იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების ოფიციალური მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს და მას გაცილებით უფრო მეტი მომხრე ჰყავს ვიდრე ოფიციალურმა მონაცემებმა უჩვენა.

-”დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ვენესუელის ახალი ეპოქის აშენებისათვის .მე პროტესტის ნიშნად აქციებს ჩავატარებ, რადგანაც ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები სინამდვილეს არ შეესაბამება. მე ქუჩებში გავაგრძელებ ბრძოლას ვენესუელელი ხალხისათვის, ბრძოლას დემოკრატიისათვის.”

ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა უილიამ ლარამ უარყო ის ფაქტი, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ყალბია.

-”ჩემის აზრით, ის მონაცემები რომლებიც ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაქვეყნა ზუსტად ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას. და ეს მონაცემები სულაც არ არის მოულოდნელი, რადგანც ისინი შეესაბამება იმ ციფრებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიისას იყო გამოქვეყნებული - კერძოდ ის, რომ ქვეყნის უმრავლესობა პრეზიდენტ ჩავესს უჭერს მხარს.”

ბატონი ჩავესი, რომელიც 1998 წლიდან მართავს ქვეყანას, 2002 წელს თავდასხმას გადაურჩა, ხოლო ორი წლის წინ რეფერენდუმში მოიპოვა გამარჯვება. იგი პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ექვსი წლით დარჩება. როგორც მან განაცხადა, იგი აპირებს ე.წ. ბოლივარის რევოლუციის ახალი ფაზის დაწყებას, თუმც იგი არ აკონკრეტებს იმას, თუ ზუსტად რა ძალისხმევას მიმართავს იგი ამისათვის.

XS
SM
MD
LG