ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგი: ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნისა და დეპორტაციისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს


2006 წელს, მოსკოვის ოლქის, ნოვოსლობოდსკის სპეცდაწესებულებაში გარდაცვლილი, რუსების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული, 51 წლის მანანა ჯაბელიას პანაშვიდი თბილისში
2006 წელს, მოსკოვის ოლქის, ნოვოსლობოდსკის სპეცდაწესებულებაში გარდაცვლილი, რუსების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული, 51 წლის მანანა ჯაბელიას პანაშვიდი თბილისში

7 წლიანი განხილვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთმა 2006 წელს, ეთნიკური ქართველების მასობრივი დაპატიმრებით და დეპორტაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლი დაარღვია.

მათ შორის, მე-4 მუხლი, რომელიც უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას კრძალავს; მე-3 მუხლი, წამების, არადამიანური, ღირსების შემბღალავი მოპყროპის ან დასჯის აკრძალვა; და მე-13 მუხლი, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლება.

სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რუსეთის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის, 1 ნაწილის - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების; მე-5 მუხლის 4 ნაწილის - დაკავებისას სასამართლო განხილვის უფლებისა და 38-ე მუხლის, ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის ყველა საჭიროების უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევა.

2006 წლის ოქტომბერი, ეთნიკურ ქართველებზე ნადირობა სანქტ-პეტერბურგში, დაპატიმრებული ქართველები რუსებს სპეციზოლატორებში გადაჰყავთ
2006 წლის ოქტომბერი, ეთნიკურ ქართველებზე ნადირობა სანქტ-პეტერბურგში, დაპატიმრებული ქართველები რუსებს სპეციზოლატორებში გადაჰყავთ

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხზე, გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ აღმოჩნდა და ამ თემის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ საქართველოს და რუსეთს მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის, 12 თვიანი ვადა შესთავაზა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამ გადაწყვეტილებას ასე განმარტავს:

„რუსეთმა დაარღვია ქართველების უფლებები, ეს სამართლებრივად ქმნის ვალდებულებას, ევროპული კონვენციის გაგებით, რომ წაგებულმა მხარემ ამ შემთხვევაში კომპენსაცია უნდა გადაიხადოს, ამის გარშემო, ევროპული სასამართლოს შუამავლობით, მხარეები უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუ რა თანხაზე შევჯერდებით საბოლოოდ“ - აღნიშნა წულუკიანმა.

კრემლის ანტიქართულ კამპანიას 2006-07 წლებში, რუსეთში 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის ეთნიკური ნიშნით დაკავება და ღირსების შემლახავი დეპორტაცია მოჰყვა. აქედან, 2380 ქართველმა „უცხოელთა განთავსების დროებითი ცენტრების“ დამამცირებელი რეჟიმი გაიარა, სადაც არაადამიანურ პირობებში მოუწიათ ყოფნა.

2006 წლის 17 ოქტომბერს, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ასეთ ცენტრში, დეპორტაციის მოლოდინში, ასთმით დაავადებული 58 წლის თენგიზ ტოგონიძე დაიღუპა. 2 დეკემბერს, ნოვოსლობოდსკის სპეცდაწესებულებაში კი 51 წლის მანანა ჯაბელია, რომელსაც ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, მაგრამ რუსებმა მაინც დააპატიმრეს, რადგან ქართველი იყო.

იმავე დღეებში დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 45 წლის რევაზ ბერულავა, მას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, რუსმა ექიმებმა დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი იყო.

2006 წლის 20 ოქტომბერს, რუსეთმა ოთხ შვილთან ერთად გამოაძევეს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილი, რომელიც იმ დროს მეხუთე შვილზე ფეხმძიმედ იყო. მან შვილებთან ერთად რუსეთ-საქართველოს საზღვრის, დაღესტნის მონაკვეთის გადმოკვეთა, მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში მოახერხა. ლიას გადატანილი სტრესის გამო ნაყოფი დაეღუპა.

რუსეთის შსს 2006 წელს, რუსეთის სკოლებში ეთნიკურად ქართველი მოსწავლეების გამოვლენას ითხოვს
რუსეთის შსს 2006 წელს, რუსეთის სკოლებში ეთნიკურად ქართველი მოსწავლეების გამოვლენას ითხოვს

რუსეთის შსს 2006-07 წლებში, რუსეთის განათლების სამინისტროსგან ითხოვდა, სკოლებში ეთნიკურად ქართველი ბავშვების გამოვლენას, შემდგომში მათი და მათი ოჯახის წევრების დაპატიმრების და ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

სტრასბურგში წარდგენილ სარჩელში, საქართველოს ხელისუფლებამ მიუთითა, რომ ეს და სხვა ქმედებები იყო მიზანმიმართული პასუხი მოსკოვის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ, სექტემბერში, ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის ოთხი ოფიცრის დაკავებასა და დეპორტაციაზე.

რა ფორმატში გაგრძელდება, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკება კომპენსაციის საკითხზე და გადაიხდის თუ არა მოსკოვი კომპენსაციას? იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ეს ადვილი პროცესი არ იქნება.

„ჩვენი ვალია ყველასი, პირველ რიგში, ხელისუფლების რა თქმა უნდა და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების, ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსი არის ის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განხორციელდეს რუსეთზე, რათა მან შეასრულოს ეს ვალდებულება, მაგრამ ეს ადვილი პროცესი ნამდვილად არ იქნება და არც ხანმოკლე პროცესი იქნება“ - აღნიშნა ბურჯალიანმა.

საქართველომ რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ეთნიკური ქართველების დევნის გამო, 2007 წელს უჩივლა. სასამართლო დავა 17-მა მოსამართლემ განიხილა, მათ შორის იყო ქართველი მოსამართლე ნონა წოწორია და რუსი დიმიტრი დედოვი, რომელმაც ტრადიციულად „მთლიანად განსხვავებული პოზიცია“ დააფიქსირა.

განჩინების მირების დროს, ევროპული სასამართლო დაეყრდნო, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებმაც მტკიცებულებების მოპოვების მიზნით კოლოსალური სამუშაო გასწიეს.

ამ დასკვნების მიხედვით, 2006-07 წლებში ქართველების გაძევების პროცესში, რუსეთის ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური, თუ სასამართლო კოორდინირებულად მოქმედებდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველების დევნას და დეპორტაციას სახელმწიფო პოლიტიკის სახე ჰქონდა.

ეთნიკური ქართველების გამოყრა, რუსეთის თვითმფრინავებით
ეთნიკური ქართველების გამოყრა, რუსეთის თვითმფრინავებით


XS
SM
MD
LG