თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას, რომელიც დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის. გამოძიების ცნობით, უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის, 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით არის დაკავებული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გიორგი უგულავას, „დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად“ მიიჩნევს, რომელსაც, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, საქართველოში ოფშორული კომპანიებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. შავი ფული შემოჰქონდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების მიზნით.
თბილისის აეროპორტში უგულავას ვიდეოკამერების თვალწინ, ხელბორკილი გამთენიისას დაადეს, როცა იგი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაფრენას აპირებდა. უგულავა ამტკიცებს, რომ მისი საჩვენებელი დაპატიმრება, „ქართული ოცნების“ ლიდერის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთაა.
„დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასოდეს დავუხრი. ეს ერთი და მეორე - ბრალდება არ ვიცი. აუცილებელი იყო, რომ მე ნიღაბი ჩამომეხსნა ამ სისტემისთვის და აი, ჩამოვხსენი კიდეც. აქამდე ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანს. მერე ისევ დავუბრუნდებით დამალობანს, მერე ისევ - დაჭერობანას. სხვა გზა არ აქვთ და მაკავებენ, დანარჩენი სამართლებრივად მართალი ვარ“ - განაცხადა უგულავამ, რომელიც ჯერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, შემდეგ კი კი შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ თვითმართველობის არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დასაფინანსებლად, შეიქმნა უკანონო სქემა, რომლის მეშვეობითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსს გიგი უგულავას, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიებიდან „შავი ფული“ 760 ათასი აშშ დოლარი ჩაერიცხა.
გამოძიების ვერსიით, უგულავას გარდა, „დანაშაულებრივ ჯგუფში“ ასეევ ჩართულები იყვნენ, უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, რომელიც უკვე დაკავებულია. ასევე, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ყოფილი დირექტორი ალექსანდრე გოგოხია, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები „ექსიმუს ჰოლდინგი“ და „ბრუქ ტრეიდი“, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ფიქტიური კომპანიებია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ირწმუნება, რომ კეზერაშვილს ღონიაშვილისა და გოგოხიას გამოყენებით, საბოლოო ჯამში, 1.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, „შავი ფულის“ გადმორიცხვა და „გათეთრება“ ჰქონდა განზახული.
გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი ჯერ კიდევ 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ღონიაშვილი და არც უგულავა ბრალს არ აღიარებენ.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, რომელიც უგულავას დაკავების დროს მის გვერდით იმყოფებოდა, ამბობს, რომ ეს აშკარა პოლიტიკური დევნაა.
„მიმდინარეობს იმის დემონსტრირება, რომ არც სასამართლო გადაწყვეტილებას, არც კანონს, არც ადვოკატს და არც ყველა მინიმალური პროცესუალურ უფლებებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც ივანიშვილის ყველა კაპრიზს ასრულებენ. ესენი პოლიტიკური მონები არიან. მთელ ქვეყანას გადაყოლებენ, ივანიშვილი და მისი მონების გუნდი საკუთარ შიშებს და სრულ კონცეტრაციას მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მძიმე პრობლემები გადაჭრან“ - აღნიშნა ბოკერიამ.
შსს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პოლიტიკური დევნა ტრადიციულად გამორიცხა. მინისტრმა თქვა, რომ უგულავას "მრავალ დანაშაულში" ედება ბრალი და იგი რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ქვეყანა არ დაეტოვებინა.
„უგულავა შესაძლოა გაქცეოდა მართლმსაჯულებას, თუ ვინმე იტყვის რომ უგულავა ამას არ იკადრებდა, მართალი გითხრათ ეს სერიოზული არგუმენტი არ არის“ - განაცხადა, „ოცნების“ კოალიციური პარტნიორის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.
2013 წლიდან მოყოლებული, უგულავას ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არცერთხელ არ დააკმაყოფილა. მათ შორის, არც „სიტი პარკის“ საქმეზე, როცა მოსამართლემ უგულავას არც გირაო შეუფარდა და არც პასპორტი ჩამოართვა.
უგულავა 4 ივლისს, დილით, „სიტი პარკის“ საქმეზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ისევ იყო დაკითხვაზე დაბარებული, თბილისის ყოფილი მერი ირწმუნებოდა, რომ 3 ივლისს კიევიდან უკან ბრუნდებოდა, თუმცა, იგი“გადაუგებელი აუცილებლობის“ ფარგლებში დააკავეს, შსს-ს აზრით, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ უგულავა მიმალულიყო.
გიგი უგულავამ მის დაკავებას "ტაკიმასხარაობა" უწოდა და განაცხადა, რომ უკანონო პატიმრობას, ჯერ საქართველოს სასამართლოებში, შემდეგ, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.