წინასაარჩევნოდ, ლარის კურსის შესაკავებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო თანხა, ნახევარ მილიარდზე მეტი აშშ დოლარი გაყიდა. სავალუტო აუქციონის მეშვეობით, ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში, 213 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე - 377 მილიონზე მეტი. საერთო ჯამში კი 591,1 მილიონი აშშ დოლარი.
„ერთ თვეში, ყველაზე დიდი გაყიდვა, ჩვენი სავალუტო ინტერვენციების ისტორიაში იყო 2020 წლის ოქტომბერში - 200 მილიონი. მაშინ როცა, ერთ თვეში, ახლა, თითქმის 600 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწიათ, სწორედ ანტიდასავლური პოლიტიკის საარჩევნო პროგრამის სახით გამოცხადების დროსრომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი
თუ, ამ თანხას, სექტემბერში გაყიდულ 106 მილიონ დოლარს დავუმატებთ, გამოდის რომ სექტემბერ-ოქტომბერში, გაყიდვებმა, თითქმის, 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სავალუტო რეზერვების ყველაზე დიდი ხარჯვაა საქართველოს ეროვნული ბანკის 33 წლიან ისტორიაში.
„700 მილიონი დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, ეს წარმოუდგენელი, უპრეცედენტო რამეა! 2021 წელს როცა პანდემია იყო, მხოლოდ 350 მილიონი იყო გაყიდვებსა და გაყიდვებს შორის სხვაობა, მინუსი და 900 მილიონი იყო კარანტინის დროს, როცა ჩაკეტილი იყო ქვეყანა“ - ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
მისი თქმით, აქამდე „ერთ თვეში, ყველაზე დიდი გაყიდვა, ჩვენი სავალუტო ინტერვენციების ისტორიაში, იყო 2020 წლის ოქტომბერში, როცა საპარლამენტო არჩევნები დაემთხვა კარანტინს და პანდემიას, გავყიდეთ ერთ თვეში 200 მილიონი.
მაშინ როცა, ერთ თვეში ახლა, აბსოლუტურად სწორ, არაფრის მომცემ, უპრობლემო ნიადაგზე, თითქმის 600 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწიათ, სწორედ ანტიდასავლური პოლიტიკის საარჩევნო პროგრამის სახით გამოცხადების დროს.
და სად წავიდა ეს ფული? ჩემი აზრით, რაღაც ნაწილი გავიდა უცხოეთში, მაგრამ დიდი ნაწილი, შეშინებულმა ბიზნესმა და მოქალაქეებმა, დააკონვერტირეს ლარები. განსაკუთრებით, „ოცნების“ გარემოცვამ, რომელმაც წინასაარჩევნოდ უამრავი ფული მიიღო, ორღობეებს და გზებს რო აკეთებდნენ, ეს ლარი რო არ გაფუჭებულიყო, მივარდნენ, იყიდეს დოლარები და შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები გააკეთა“ - მიაჩნია რომან გოცირიძეს.
ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად ზრდიდა სავალუტო რეზერვებს. თუ 2019 წელს, სავალუტო რეზერვების საერთო მოცულობა - 3.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო; 2022 წელს, რეზერვები - 4.88 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2023 წლის ნოემბრისთვის, სარეკორდო - 5 მილიარდ 121 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
2024 ნოემბრის მონაცემებით, სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 1 მილიარდზე მეტით, 4 მილიარდ 84 მილიონ დოლარამდე შემცირდა, აქედან, თითქმის 700 მილიონი ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ, სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდა.
ყოფილი პრემიერი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ნიკა გილაური ამბობს, რომ სავალუტო რეზერვების ასეთი მკვეთრი შემცირება „სხვა მთელ რიგ ეკონომიკურ რისკებთან ერთად, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუარესების მნიშვნელოვან რისკს აჩენს“.
ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების საშუალო, ყოველთვიური გასავლების მაჩვენებლით, საქართველო ჩვენი მსგავსი სუვერენული საკრედიტო რეიტინგის („BB“) მქონე ქვეყნებს შორის, მსოფლიოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია“ნიკა გილაური, ყოფილი პრემიერ-მინისტრი
„საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის განცხადებით, ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები საშუალო ყოველთვიურ გასავლებთან მიმართებით უკვე კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ იყო – 2.6- ჯერადი საშუალო თვიური სავალუტო გასავლების, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაზე (3-ჯერ) დაბალია და მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით ქვეყანა მაღალი რისკის ეკონომიკად ითვლება.
ოქტომბრის შედეგების გათვალისწინებით, სავარუდოდ, ეს მაჩვენებლი 2.3-ზეა ჩამოსული, 2021 წლის დასაწყისში 7.3-ზე იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩვენი მსგავსი სუვერენული საკრედიტო რეიტინგის („BB“) მქონე ქვეყნებს შორის, მსოფლიოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია“ - მიაჩნია ნიკა გილაურს.
“ქართული ოცნება“ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სავალუტო რეზერვების მილიარდ დოლარზე მეტით შემცირებაში პრობლემას ვერ ხედავენ და ორ თვეში, 700 მილიონის დოლარის გაყიდვას, „ერთჯერადი არაეკონომიკური ფაქტორებით“ ხსნიან.
“რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, როდესაც ჩვენ რეზერვებიდან ინტერვენციები გამოვიყენეთ. მოგეხსენებათ რომ საქართველოში ე.წ. მცურავი სავალუტო კურსი მოქმედებს, როდესაც სავალუტო კურსი მოთხოვნა-მიწოდების შედეგად ყალიბდება და ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად" - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, "არის სიტუცია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია, როგორც ახლა, მაღალია ეკონომიკური ზრდა, დაბალია ინფლაცია, ძლიერი ქვეყანაში სავალუტო შემოდინება.
წესით ასეთ დროს სავალუტო კურსი სტაბილური უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ერთჯერადი არაეკონომიკური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ჩვენს ბაზარზე, ლარის კურსის მყისიერი გაუფასურება, მყისიერი რყევა გამოიწვიოს, ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ ურტყამს და აზიანებს ჩვენს ეკონომიკას, მოქალაქეებს, მსხვილ და მცირე ბიზნესს...
არსებობს ერთჯერადი არაეკონომიკური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ჩვენს ბაზარზე, ლარის კურსის მყისიერი გაუფასურება, მყისიერი რყევა გამოიწვიოს, ამიტომ გამოვიყენეთ ინტერვენციებინათელა თურნავა, ეროვნული ბანკი
ზოგადად ეს არის ჩვენი ფუნქცია, რომ ასეთი დროს გამოვიყენოთ ე.წ ინტერვენციები, ბაზარს მივაწოდოთ იმ რაოდენობის დოლარი, რა რაოდენობითაც ჩვენ ვხედავთ რომ შესაძლებელია ბაზარი დამშვიდდეს და ასეთი რყევა და მყისიერი გაუფასურება ლარის არ დავუშვათ.“ - განაცხადა „იმედი“ ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
25 ნოემბერს, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი აშშ დოლარით შეავსო, რაც ნიშნავს, რომ რეზერვებმა 4 მილიარდ 170 მილიონ დოლარამდე მოიმატა.
დღეისათვის, საქართველოს სავალუტო რეზერვების უმეტესი ნაწილი - 3.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, ფინანსურ აქტივებშია განთავსებული. დანარჩენი - 627 მილიონი დოლარი კი სავალუტო ოქროა, 7 ტონა ზოდები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის გაზაფხულზე იყიდა.
2024 წლის სექტემბერში, როცა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე რეგულარული ინტერვენციები დაიწყო, ერთი დოლარის საშუალოდ 2 ლარი და 69 თეთრი ღირდა. ახლა, ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარად და 73 თეთრად შეიძლება.