ისრაელის პარლამენტის მიერ, ორშაბათს მიღებული კანონით, გაეროს დახმარების სააგენტო UNRWA-ს, ქვეყნის შიგნით ოპერირება ეკრძალება. ქნესეთის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირის შეშფოთების მიზეზი გახდა. ისინი შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება, ღაზაში ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, კიდევ უფრო გააუარესებს.
ისრაელის ოფციალური პირები, გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს რამდენიმე ათასი თანამშრომლის მხრიდან, 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში მონაწილეობაზე საუბრობენ. ისრაელის მტკიცებით, გაეროს სააგენტოსთვის მომუშავე ბევრი ადამიანი, „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობს.
„UNRWA-ს თანამშრომლებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებში, პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
UNRWA-ს ხელმძღვანელმა, ფილიპ ლაზარინმა განაცხადა, რომ კენჭისყრა ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას და არღვევს საერთაშორისო კანონს. ”ეს არის უახლესი კამპანია UNRWA-ს დისკრედიტაციისა და მისი როლის დელეგიტიმაციისთვის - პალესტინელი ლტოლვილებისთვის დახმარებისა და ადამიანური განვითარების სერვისების მიწოდებაში”, - დაწერა მან სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.
ისრაელის გადაწყვეტილებამ, გაეროს ჰუმანიტარული სააგენტო UNRWA-ს აკრძალვის შესახებ, შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი ბავშვის სიკვდილი და გახდეს კოლექტიური სასჯელი ღაზის მოსახლეობისთვის, თუ სრულად განხორციელდება, - ნათქვამია გაეროს სააგენტოების მიერ, სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
„თუ UNRWA ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას, ღაზაში ეს, სავარაუდოდ, ჰუმანიტარული სისტემის ჩამოშლას გამოწვევს“, - თქვა UNICEF-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ელდერმა, რომელიც 7 ოქტომბრის ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში ინტენსიურად მუშაობდა. „ასე რომ, ასეთი გადაწყვეტილბა ნიშნავს, რომ ნაპოვნია ახალი გზა ბავშვების დასახოცად“, - თქვა ელდერმა.