ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების სიმულაციის წვრთნებს იწყებს


სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაშვების მზადების სიმულაციის წვრთნების პირველი ეტაპი დაიწყო.

მოსკოვმა ეს წვრთნები, როგორც თვითონ უწოდებს, დასავლელი ოფიციალური პირების, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „მებრძოლ განცხადებებს“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის უსაფრთხოებას დაემუქრა.

ბირთვული შეიარაღების ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წვრთნები გამაფრთხილებელი სიგნალია პუტინისგან, რათა დასავლეთს უკრაინის ომში უფრო ღრმად ჩართვისგან თავი შეაკავებინოს. დასავლეთის ქვეყნები კიევს შეიარაღებას და სადაზვერვო მონაცემებს აწვდიდნენ, მაგრამ ჯარების გაგზავნისგან თავს იკავებდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნების პირველ ეტაპზე „ისკანდერის“ და „კინჟალის“ რაკეტებია ჩართული.

მისი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ დანაყოფები და აღჭურვილობა მზად არიან „არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით ბრძოლისთვის, რათა პასუხი გასცენ და უპირობოდ უზრუნველყონ რუსული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დასავლელი ინდივიდუალური ოფიციალური პირების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

წვრთნებში მონაწილეობს რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის სარაკეტო ძალები, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და მასში შედის ასევე უკრაინის ის ნაწილები, რომლებსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს.

წვრთნებში ჩაერთვება ასევე ბელარუსიც, სადაც რუსეთის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების თანახმად, ის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებას ახდენდა.

ზოგიერთ დასავლელ ანალიტიკოსს სჯერა, რომ არასტრატეგიულმა ბირთვულმა იარაღმა, მოსკოვისთვის მეტი მნიშვნელობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიძინა, სადაც მისი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები პირველ ორ წელიწადს გაჭირვებით იბრძოდა.

XS
SM
MD
LG