თბილისში, ჟურნალისტებთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი "ამერიკის ხმის” ჟურნალისტ ანი ჩხკივაძეს ესაუბრა.
ო'ბრაიენმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილისთვის სავარაუდო სანქციების საკითხზე ისაუბრა: “ეს არის საკითხი, რომელზეც ვიმუშავებთ. Როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებითა და ძალიან ძლიერი სამართლებრივი საფუძვლით. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება“,- ამბობს ჯიმ ო’ბრაიენი.
პრესკონფერენციაზე ო'ბრაინემა თქვა, რომ საჭიროა კანონის ევროკავშირის სტანდარტებზე მორგება და მის შესაბამისად ცვლილება. "ამერიკის ხმის" შეკითხვაზე, რას გულისხმობს ის, როდესაც კანონში ცვლილებებზე საუბრობს, ო'ბრაინმა უპასუხა:
"ვფიქრობ, ამაზე უწყვეტი საუბრები იქნება . ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სტიგმა, რომელიც შეიძლება მიემაგროს ორგანიზაციების ძალიან პატარა ნაწილს. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ახლა მუშავდება, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ამ შემთხვევაში უცხოური დაფინანსება. აშშ-ში გვაქვს სხვადასხვა მექანიზმები. ასე, რომ მე არ მსურს ვინმეს [რამე] ვუკარნახო, მაგრამ გვსურს თავიდან ავიცილოთ ის, რაც ვნახეთ გასულ კვირას-გარკვეული საჯარო განხილვები კონკრეტული ორგანიზაციების შესახებ, რომელსაც გარკვეული ჯგუფები იყენებენ ძალადობის, თუ საკუთრების დასაზიანებლად. ეს არ შეიძლება ხდებოდეს".
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.
"მე აქ ჩამოვედი, რადგან ამერიკა ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან და ამას სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში ვუყურებთ", - ასე დაიწყო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საუბარი ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ო'ბრაიენის თქმით, მან თბილისში ჩატარებული შეხვედრების დროს მკაფიოდ თქვა, რომ ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონის იმ ფორმით მიღებას, რა ფორმითაც მას პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა, "შედეგები მოჰყვება".
"უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსმა თქვა, რომ "კანონი არ ეხმიანება [ევროკავშირის] სტანდარტებს". ო'ბრაინმა კანონთან დაკავშირებით "გამჭვირვალე" მოლაპარაკებებისა და მისი ერთგვარად შერბილების ინიციატივა წამოაყენა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლას და ევროინტეგრაციას, ამიტომ კანონი ვეროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
"თუ მოლაპარაკებები, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ, შედგება და კანონი შესაბამისად მოდიფიცირდება, მაშინ ეს იქნება გზა იმისთვის, რომ ჩვენი პარნტიორობა გაძლიერდეს და არა - გაიხლიჩოს, რაც ვშიშობ რომ ახლა ხდება", - განმარტავს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
ო'ბრაიენმა თქვა, რომ ე.წ "უცხოეთის გავლენის" კანონის იმ ფორმით მიღება და აღსრულება, რა ფორმითაც ის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს.