საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას კიევს F-16-ების სამართავი წვრთნებით დახმარებას დაჰპირდა. საბერძნეთი ასევე პირობას დებს, რომ უკრაინას ომით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება, კონკრეტულად კი ოდესის პორტის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 21 აგვისტოს საბერძნეთის პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, თქვა, რომ ეს პირობა არის "საჰაერო კოალიციის მნიშვნელოვანი შედეგი" და საბერძნეთს ამ შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა.
11 ქვეყნის მონაწილეობით შექმნილი ოფიციალური საწვრთნელი პროგრამა, რომელიც ამ თვეში დაიწყო, რამდენიმე თვეს გასტანს და კოალიციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უკრაინელი პილოტები 2024 წლის დასაწყისისთვის მზად იქნებიან.
მიცოტაკისმა თქვა, რომ საბერძნეთი წარმოდგენილი უნდა იყოს იმ რეკონსტრუქციისა და აღდგენის ძალისხმევაში, რომელიც უკრაინას სჭირდება, განსაკუთებით კი ოდესაში.
საბერძნეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიან ომში მტკიცედ უჭერს მხარს, ათენმა კიევს სამხედრო დახმარებაც გაუწია, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებისა და ამუნიციის სახით.
ზელენსკი ათენში ქვეყნის ლიდერთან შეხვედრასთან ერთად, ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროკავშირის წამყვანი ოფიციალური პირების არაოფიციალურ შეხვედრებსაც დაესწრო.