ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვიდან თვითმფრინავის ბილეთები სრულად გაიყიდა, მათ შორის, თბილისის მიმართულებით


გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის ცნობით, „ვაგნერის“ სამხედროების დედაქალაქთან მიახლოებასთან ერთად, მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა,

„ჩვენმა კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევმა დაათვალიერა ავიაბილეთები და გაარკვია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი“, - წერს გამოცემა.

მოსკოვის უსაფრთხოების ძალები, როგორც ჩანს, ემზადებიან „ვაგნერის“ დაქირავებულებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, რუსულმა გაზეთმა „ვედემოსტიმ“ რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთში პოლიციის პოზიციების ფოტოები გამოაქვეყნა.

თბილისში უკვე გაისმა მოწოდებები, დაიკეტოს საზღვარი რუსეთთან. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით“.

23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG