ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

PACE: საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კომპლექსური რეფორმები აკლია


ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია "თითქმის" შეასრულა, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს "ფორმალური შესრულებაა"
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია "თითქმის" შეასრულა, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს "ფორმალური შესრულებაა"

პოლიტიკურ ძალებს შორის მკვეთრი პოლარიზაცია, სასამართლო ხელისუფლების რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და სამოქალაქო სექტორზე თავდასხმები, რჩება მთავარ გამოწვევად, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე - ასეთი შეფასება გამოაქვეყნეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას გადალახონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია, 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები

პორტუგალიელი ევროპარლამენტარი ედი ესტრელა, ევროპელი სოციალისტების პარტიიდან და მისი ფრანგი კოლეგა კლოდ კერნე, რომელიც „ლიბერალ-დემოკრატიულ ალიანსს“ წარმოადგენს, საქართველოს მონიტორინგის მიზნით 27-29 მარტს სტუმრობდნენ და ეს შეფასებაც არსებითად, მაშინ მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე კრიტიკულ გზაგასაყარზე იმყოფება, თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას - „გადალახონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს“.

ფხალაძე პოლარიზაციის პრობლემებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:47 0:00

„ოცნების“ ლიდერების განცხადებები მაინც არის უკიდურესად აგრესიული და იარლიყების მიწებები მაინც გრძელდება, რაც უპირველეს ყოვლისა ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და ზოგადად, საზოგადოების პოლარიზაციას“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ECIPE-ს უფროსმა მკვლევარმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ.

„ოცნების“ ლიდერების განცხადებები მაინც არის უკიდურესად აგრესიული რაც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და პოლარიზაციას“
თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი

მისი აზრით, ე.წ აგენტების კანონის გამო, რომლის ჩაგდებასაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც მოითხოვდა, საქართველოში შექმნილი კრიზისის განხმუტვას, არც მთავრობასა და პარლამენტში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა (განათლების მინისტრის გაშვებამ და უმრავლესობიდან ხუთი დეპუტატის წასვლამ) შეუწყო ხელი.

პარლამენტში დღეს კვლავ გამოჩნდა, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, დეპოლარიზაცია უმთავრეს პრობლემად რჩება. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ, „მავნებლური კამპანია“ უწოდა ოპოზიციის და პრეზიდენტის განცხადებებს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციას მხოლოდ ფორმალურად ასრულებს.

„მაშინ როცა, თითქმის, ბოლოში ვართ გასული და სულ რამოდენიმე, 2-3 რეკომენდაცია გვრჩება შესასრულებელი, ამასაც არ აღიარებენ. თქვენი ქვეყნის პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებით მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესრულებული რეკომენდაციები, რაც არის ტყუილი. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამის მერე თქვენ გინდათ აადუღოთ სიტუაცია, ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია და შეცვალოთ ხელისუფლება“ - განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მაშინვე გამოეხმაურა "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი: „რაღაც კი არ არის დარჩენილი შესასრულებლად, საკვანძო რეკომენდაციებია შესასრულებელი, სასამართლოსთან და დეოლოგარქიზაციასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ტყუილები, რომ თქვენ რამეს აკეთებთ და ოპოზიცია არ მუშაობს, გადნება გუშინდელი თოვლივით“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

„მაშინ როცა, თითქმის, ბოლოში ვართ გასული და სულ რამოდენიმე, 2-3 რეკომენდაცია გვრჩება შესასრულებელი, ამასაც არ აღიარებენ"
მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნება"

PACE-ს თანამომხსენებლების შეფასებით: საქართველომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობა;

მოახდინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, რომელსაც სასამართლო სისტემაზე შეუსაბამო გავლენა აქვს;

მათ ასევე შეშფოთება გამოხატეს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის თაობაზე და დაგმეს, არასამთავრობო სექტორზე მიმდინარე „ანონიმური“ თავდასხმები.

„აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმოს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიოს ეს თავდასხმები, რომელთა მიზანიც ამ ორგანიზაციების გაჩუმება და სტიგმატიზებაა” – ვკითხულობთ განცხადებაში.

„იმისთვის, რომ კორუფციას რეალურად ებრძოლო, აუცილებელია სასამართლოს, პროკურატურის გათავისუფლება ანუ სისტემის გაუმჯობესებაა საჭირო, ამას მხოლოდ ანტიკორუფციული ბიურო ვერ უშველის“
სანდრო ქევხიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

PACE-ის თანამომხსენებლები ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის ყოვლისმომცველ რეფორმებს ითხოვენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის უფროსი ანალიტიკოსი ალექსანდრე ქევხიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ კომპლექსური დემოკრატიული რეფორმების გარეშე, ხელისუფლების მიერ ახლახანს, ევროკომისიის რეკომენდაციით შექმნილი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, კორუფციის დაძლევის ეფექტური მექანიზმი ვერ გახდება.

„მხოლოდ ანტიკორუფციულო ბიუროს შექმნა კორუფციასთან ბრძოლისთვის არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ კორუფციას რეალურად ებრძოლო, აუცილებელია სასამართლოს, პროკურატურის გათავისუფლება, ნორმალური საარჩევნო სისტემის შექმნა, ძალაუფლების განაწილება, პარლამენტის და სხვა საზედამხედველო ორგანოების გაძლიერება, ყველაფერი ერთობლივად ანუ სისტემის გაუმჯობესებაა საჭირო“ - მიაჩნია ქევხიშვილს.

ქევხიშვილი კომპლექსური რეფორმების აუცილებლობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:59 0:00

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სიაში ამჟამად არის 100-მდე მაღალი დონის შესაძლო კორუფციული საქმე, 100-ზე მეტ მოქმედ და ყოფილ მაღალი თანამდებობის პირზე, რომელსაც პროკურატურა უბრალოდ „არ ეკარება“ და გამოძიებაც არ დაუწყია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ასევე შეშფოთება გამოხატეს, ამჟამად მსჯავრდებულისა და ბრალდებულის, ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ევროპარლამენტარებმა კერნემ და ესტრელამ მოუწოდეს ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, პატიმრის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფად მიაღწიონ შეთანხმებას.

PACE-ს თანამომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები
PACE-ს თანამომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG