უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. სამხედრო ლიდერები ამბობენ, რომ ომის ბედი და მიმართულება სავარაუდოდ არა მომავალი თვეების, არამედ, შესაძლოა მომავალი კვირების განმავლობაშიც გადაწყდეს. კანადის შეიარაღებული ძალების თადარიგის გენერალი, რიკ ჰილიერი ამბობს, მართალია ომში ჯარისკაცების რაოდენობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ რაოდენობას შესაბამისი კოორდინაცია, სამხედრო ლიდერობა და უნარები სჭირდება. ვის სასარგებლოდ მოქმედებს დრო და რა სჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის?
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 12 თვის შემდეგ არაერთი სამხედრო ლიდერი ამბობს, რომ ომი კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაზაშია: რუსეთი იწყებს განახლებულ შეტევას, უკრაინა კი გაძლიერებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ემზადება. იმის მიხედვით, რასაც ბრძოლის ველზე ხედავთ, საით მიემართება ეს ომი?
ძნელი დასაჯერებელია, რომ 2022 წლის თებერვლიდან დღეს, აქამდე მოვედით. რამდენი ადამიანი იყო მთელ მსოფლიოში, მათ შორის ვლადიმირ პუტინი და რუსები, რომლებიც ცდებოდნენ უკრაინასთან დაკავშირებით. პუტინი და მისი სარდლები ფიქრობდნენ, რომ კიევი ხუთ დღეში დაეცემოდა, რომ ისინი დაიპყრობდნენ უკრაინას, ომი - „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დამთავრდებოდა. და არა მხოლოდ ისინი, ასე ეგონა ნატოსაც. ვფიქრობ, ყოყმანის დიდი ნაწილიც, რაც წინა თვეებში უკრაინისადმი დახმარებისა თუ აღჭურვილობის მიწოდების და სანქციების თაობაზე ვნახეთ, სწორედ იმ შეფასებას ეყრდნობოდა, რომელშიც ისინი ასე ძალიან ცდებოდნენ და ეგონათ, რომ უკრაინა შეიძლება არ იმსახურებდა ამგვარ დახმარებას.
ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, შეუძლებელია არ შთაგაგონებდეს უკრაინელი ხალხის სიმამაცე, გამძლეობა, ლიდერობა და თავგანწირვა. ასევე ის, როგორ უჭერს დასავლური სამყარო მხარს უკრაინას ამდენი სხვადასხვა გზით, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობით, ეკონომიკურად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით.
ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ომი მაშინ დამთავრდება, თუკი პრეზიდენტი პუტინი დარწმუნდება, რომ გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთონ უკრაინის მოკავშირეებმა უკეთ ან მეტი იმისთვის, რომ ის ამაში დაარწმუნონ?
რაოდენობას აზრი არ აქვს, თუ არ გყავს ის შესაბამისი ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ ამ შენაერთების რაოდენობისა და მოცულობის უპირატესობა სწორად გამოიყენონ.
მე არ მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვლადიმირ პუტინის დარწმუნება, რომ ის ამ ომს აგებს. მჯერა, რომ ის მზადაა გაწიროს რუსეთის ასობით ათასი შვილი, გაანადგუროს უკრაინა იმდენად, რამდენადაც შეუძლია, განაგრძოს ეს შეტევა სასოწარკვეთილი იმედით, რომ შეძლებს მიაღწიოს იმას, რაც მას გასულ თებერვალში სურდა: მოიპოვოს კონტროლი უკრაინაზე და მართოს ის, როგორც რუსეთის ვასალი სახელმწიფო.
დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ უკრაინას აქვს დახმარება, მხარი დაუჭიროს ამ შთამაგონებელ ლიდერობას უკრაინის შიგნით. ჩვენ უნდა მივცეთ მათ აღჭურვილობა, წვრთნა, ლოჯისტიკური დახმარება, ყველაფერი, რაც აუცილებელია, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაცია იმისთვის, რომ მათი გამარჯვება უზრუნველვყოთ. დავრწმუნდეთ, რომ შეუძლიათ შეაჩერონ რუსული იერიში აღმოსავლეთ უკრაინაში; დავრწმუნდეთ, რომ შეუძლიათ დაიბრუნონ მიწები და გაანადგურონ რუსული ძალები; შეძლონ ასევე ადრე თუ შედარებით გვიან, დაიბრუნონ ყირიმი.
ამაზე მრავალგვარი საუბარი შეგვიძლია, მაგრამ ამის გაკეთების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ამ ომს უკრაინა მოიგებს, მხოლოდ თუ მისი თავდაცვის ძალების მხარდაჭერა გაძლიერდება. მათ უნდა გაიმარჯვონ ბრძოლის ველზე, და არა იმით, რომ მარცხში პუტინის დარწმუნება ვცადოთ. მისი შეხედულება არ შეიცვლება, ამის არ მჯერა.
მართალია დაზვერვის ინფორმაციით, უდიდესი მობილიზაციის მიუხედავად, რუსებს მაინც არ აქვთ წარმატებული იერიშისთვის საკმარისი რესურსები, და უკრაინაც ახლა ბევრად უკეთაა აღჭურვილი, ვიდრე - ერთი წლის წინ, მაგრამ მაინც, რა პოტენციალი აქვს რუსულ ჯარს ამ გაზაფხულზე? რამდენად ცუდად აღჭურვილი, გაწვრთნილი ან ცუდი წინამძღოლობითაც უნდა მოქმედებდეს ის, ჯარისკაცთა გაზრდილი რაოდენობა მას გარკვეულ უპირატესობას ალბათ მაინც აძლევს. როგორია სამხედრო თვალსაზრისით რაოდენობისა და ხარისხის შეფარდება?
ჩემი შეფასებისას პირველი მსოფლიო ომის დროინდელ გამოთქმას დავეყრდნობოდი: „ღმერთი დიდი ბატალიონების მხარესაა“. რაოდენობა ნამდვილად გჭირდება, მაგრამ ამას არ აქვს აზრი, თუ გაქვს რაოდენობა იმ შესაბამისი ლიდერობის გარეშე, რომელსაც შეუძლია ამ შენაერთების რაოდენობისა და ზომების უპირატესობა სწორად გამოიყენოს. ჩვენ ვნახეთ რუსები, რომელთაც აქვთ ეს რაოდენობა. უაზრობაა მისი ქონა, თუ არ გაქვს აღჭურვილობა, არ გყავს ჯარისკაცები, რომლებიც გაწვრთნილები არიან ამ აღჭურვილობის გამოყენებაში. მე არ ვგულისხმობ წვრთნის ნაწილს - ტანკის მართვას ან ტანკიდან სროლას. არამედ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ ტანკები, არტილერია, ქვეითები, დაზვერვა, ინჟინრები, დრონები და ყველაფერი მასობრივი ძალისხმევისთვის, ერთი დარტყმით. ამასთან, უნდა გქონდეს ლოჯისტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ განაგრძო ეს იერიში, გქონდეს დაზვერვის ცნობები, რომ ეს შეძლო.
არასდროს გეყოლება ბრძოლის ველზე იმდენი ჯარისკაცი, რამდენიც რუსებს ჰყავთ. დიახ, მათ აქვთ რაოდენობრივი უპირატესობა, მაგრამ ხარისხობრივი უპირატესობა, ესაა შესაძლებლობა გამოიყენო დაზვერვა, კომუნიკაციები და გყავდეს ლიდერები, რომლებსაც შენი ძალების გამოყენება გონივრული გზით შეუძლიათ.
არ ვფიქრობ, რომ დრო რუსეთის სასიკეთოდ მუშაობს. პუტინი შესაძლოა მზადაა გარისკოს 500 000 საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლე, მაგრამ რამდენი შვილის, ქმრისა და ძმის დასაკარგად იქნებიან რუსი ოჯახები მზად?
ჩვენ კი ეს უკვე ვნახეთ უკრაინელთა მხრიდან, მაგალითად „ჰაიმარსების“ გამოყენების კუთხით, როცა ისინი გასული წლის ივლისში ბრძოლის ველზე გამოჩნდა. ისინი არ გამოიყენეს ტაქტიკური როლის შესასრულებლად ფრონტის წინა ხაზზე, მიუხედავად იმისა, რომ იქ სასოწარმკვეთი სიტუაცია იყო. არამედ, მათ მიზანში ამოიღეს [შენაერთების] უკან მდებარე ლოჯისტიკური დეპოები, რომ გაეუვნებელყოთ არტილერია და ამით შეემცირებინათ რუსების შესაძლებლობა იერიში მიეტანათ უკრაინის თავდაცვის ძალებზე ისე, როგორც ამას მაისის ბოლოს, ივნისსა და ივლისში აკეთებდნენ, სასტიკად და მასშტაბურად.
უკრაინელებს სჭირდებათ წვრთნები, არა მხოლოდ ინიდივიდუალური ჯარისკაცების წვრთნები, არამედ საბრძოლო ჯგუფებისა და მანევრირების წვრთნები, რომ მათ შეძლონ ისეთი კონტრიერიშების შესრულება, როგორისთვისაც ახლა მზად არ არიან. შემდეგ კი დავრწმუნდეთ, რომ ისინი იღებენ იმ აღჭურვილობას, რომლითაც ამ რაოდენობითაც შეუძლიათ განაგრძონ იერიში. რუსებს ჰყავთ არამოტივირებული ძალების დიდი რაოდენობა. უკრაინას კი უნდა მივცეთ იმ რაოდენობის ხარისხიანი გამოყენების საშუალება, რაც მას აქვს. ვფიქრობ ამას ვაკეთებთ და ამის გაგრძელება უნდა უზრუნველვყოთ.
"ომი გამოფიტვამდე" - ესაა ტერმინი, რომელიც უფრო და უფრო ხშირად გვესმის. ომის ბევრ ეტაპზე დრო გადამწყვეტ როლს თამაშობდა. როგორ ფიქრობთ, ვის წინააღმდეგ მუშაობს ახლა დრო?
არ ვარ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია განვმარტოთ გრძელვადიან პერიოდში, ვის უფრო მეტ ზიანს აყენებს „ომი გამოფიტვამდე“. ნათელია, რომ უკრაინის მიერ ყოველი მოქალაქის დაკარგვა ტრაგედიაა და ვერავინ შეძლებს გამუდმებით ათობით ათასი მოქალაქის დაკარგვას. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ისინი გადავიდნენ კონტრშეტევაზე, შეამცირონ რუსეთის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად გამოიწვიონ ეს გამოფიტვა.
მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ დრო რუსეთის სასიკეთოდ მუშაობს. პუტინი შესაძლოა მზადაა გარისკოს 500 000 საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლე, მაგრამ რამდენი შვილის, ქმრისა და ძმის დასაკარგად იქნებიან რუსი ოჯახები მზად? ვფიქრობ საინფორმაციო ოპერაციები იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს სიმართლე მივაწოდოთ, უნდა გაორმაგდეს და გაოთხმაგდეს კიდეც იმისთვის, რომ მათ მიიღონ ინფორმაცია იმის მიღმაც, რაც კრემლისგან და პუტინისგან მოდის.
ომის ყოველი დღის განმავლობაში უკრაინის ასობით შვილი და ოჯახი იღუპება, იჭრება. ათასობით რუსი იჭრება და კვდება. თითოეული ეს [შემთხვევა] ტრაგედიაა. უფრო ხანგრძლივი ომი სასტიკი იქნება ყველასთვის. სამწუხაროდ, არ ვხედავ არაფერს, ხანგრძლივი ომის გარდა.
ერთი მხარე ვერ შეძლებს მოკლე ვადაში სრული უპირატესობის მოპოვებას. ამის არ მჯერა. მაგრამ დასავლეთმა უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობაც, რომელიც მოიცავს წვრთნებსაც, დაზვერვის ინფომაციასაც და ყველაფერს იმისთვის, რომ მათ შეძლონ აღმოსავლეთ ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება, ყირიმის დაბრუნება და შემდეგ პუტინის ფაქტის წინაშე დაყენება, რომ ის იქ ვერაფერს მიაღწევს, შეძლონ შემდეგ ამ რეალობის გაფორმება. ესაა ომის დამთავრების გზა, თუმცა ამას დრო დასჭირდება.
ვითარება ძალიან რთულია ბახმუტში. ამ დრომდე, თვეების განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებდა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ბახმუტი ორივე მხარისთვის მაშინ, როცა მისთვის ბრძოლაში უდიდესი დანაკარგებია?
მთავარი ისაა, დაიწყებს თუ არა პუტინის ირგვლივ ხალხი იმის გაანალიზებას, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია? და გააკეთებენ კი ისინი რამეს იმისთვის, რომ პუტინი თავიდან მოიშორონ?
ტაქტიკური სიტუაციის ათობით ათასი კილომეტრის დაშორებიდან შეფასება ძნელია. ეს ათი ათასი კილომეტრით დაშორებულ ობიექტზე ტელესკოპით დაკვირვებას ჰგავს და იმის მცდელობას, გაიგო, რა ხდება იქ. ესაა ტაქტიკური ბრძოლა, ოპერაციული და სტრატეგიული შედეგებით... ეს ბრძოლა ბახმუტის ირგვლივ უნდა იყოს უკრაინის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს კიევი მიუდგეს ბრძოლას აღმოსავლეთ ფრონტზე რუსულ ჯარების გასანადგურებლად. გადავლენ თუ არა ისინი შემდეგ ყირიმიდან რუსების განდევნაზე? თუ ეცდებიან ყირიმის იზოლირებას ისე, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს პირდაპირი კავშირი, ხიდი? ამიტომ ტაქტიკური ბრძოლა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. უკრაინელებს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული სტრატეგია, მათ შეიძლება სურდეთ დააკავონ რუსები ბახმუტში და სხვა მიმართულებებით შეუტიონ, ან პირიქით, უკან დაახევინონ მათ უშუალოდ ბახმუტიდან. ჩვენ ეს ვერ გვეცოდინება.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ყირიმის დაბრუნება უმნიშვნელოვანესია. უკვე ვიხილეთ კიდეც ყირიმში სამხედრო სამიზნეებზე მიტანილი იერიშები. ზოგი ანალიტიკოსის აზრით, ეს ნაადრევია და ამ ეტაპზე ამას მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. როგორ გესახებათ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხი?
პირველ ყოვლისა, მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის ამ ომის გამარჯვებით დასრულება გულისხმობს უკრაინისთვის ყირიმის, როგორც მისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნებასაც. ვფიქრობ, უკრაინული თავდაცვის ძალებმა უკვე ძალიან, ძალიან კარგად აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ იერიში მიიტანონ ყირიმის სიღრმეში და იქ მწყობრიდან გამოიყვანონ გზები, ხიდები და რეალურად, დაიწყონ მისი იზოლირება ისე, რომ რუსებისთვის მისი შენარჩუნება უკვე გაუსაძლისი გახდეს. ბევრი მიდგომა შეიძლება იყოს, როგორ ენდომებათ უკრაინელებს ამის გაკეთება: შესაძლოა პირველ რიგში, აღმოსავლეთში გამარჯვება უზრუნველყონ და შემდეგ დაიწყონ იერიში ყირიმზე; შეიძლება ყირიმის იზოლირება მალევე დაიწყონ იმ სამივე ხიდის განადგურებით, რომლებიც ყირიმს უერთდება; გრძელი რადიუსის მქონე რაკეტებით იერიში მიიტანონ საჰაერო ბაზებზე, სანაოსნო ხომალდებზე, შეუძლებელი გახადონ რუსული ძალების იქ ყოფნა, რადგან მათი ლოჯისტიკის ხაზი გაწყვეტილი იქნება და გამუდმებული თავდასხმის ქვეშ იქნებიან.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი იქნება. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გრძელი რადიუსის მქონე იარაღი, მათ შორის გრძელრადიუსიანი „ჰაიმარსები“, საკრუიზო რაკეტები, ე.წ. „ჰარპუნები“ მიწვდეს ამ ტერიტორიებს. შეუტიოს იქ რუსულ ფლოტს და რუსულ ავიაბაზებს, და რაც ყველაზე მთავარია იმ სამ მარშრუტს, რომელიც ყირიმს უკავშირდება და აძლევს რუსებს საშუალებას, მოამარაგოს ის.
ექსპერტები ამბობენ, რომ მომდევნო თვეები და შესაძლოა კვირებიც კი გადამწყვეტი იყოს იმ კუთხით, თუ საით მიემართება ეს ომი და ვისკენ გადაიხრება ომის სასწორი. რას ფიქრობთ ამაზე?
ყველა ქვეყნის მოქალაქეს ვეტყოდი: ჩვენ ჩვენს საკუთარ დემოკრატიას ვიცავთ. ვიცავთ საერთაშორისო წესრიგს და სტაბილურ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესს, უფლებას, რომ ასე ვიცხოვროთ.
არავის შეუძლია იმის პროგნოზირება რა მოხდება. მთავარი ისაა, რომ პუტინი ჯერაც არაა დარწმუნებული, რომ ის უკრაინაში დამარცხდება. ვფიქრობ მას არ აღელვებს ის, რომ ის რუსი ერის 500 000 შვილს გაწირავს იმისთვის, რომ უკრაინას აღუწერელი ზიანი მიაყენოს. ის აპირებს განაგრძოს შეტევა, არ აღელვებს ნახევარი მილიონი საკუთარი მოქალაქე, მაგრამ უკრაინას არ შეუძლია ათასობით თავისი შვილის და მშობლის დაკარგვა და ამ პროცესის გაგრძელება. ამიტომ, მთავარი ისაა, დაიწყებს თუ არა პუტინის ირგვლივ ხალხი იმის გაანალიზებას, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია? და გააკეთებენ კი ისინი რამეს იმისთვის, რომ პუტინი თავიდან მოიშორონ? რადგან ის არ შეიცვლება. მეორე მხრივ კი უნდ აგაგრძელდეს უკრაინელი ლიდერების ეს შთამაგონებელი ლიდერობა და დასავლეთის ფენომენალური დახმარება უკრაინის მიმართ ყველა მიმართულებით, იქნება ეს იარაღისა და თანხების მიწოდება, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.
თქვენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესს“ იარაღის შესყიდვების მონიტორინგშიც ეხმარებით. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ მოსაზრებები იმის შესახებ, რომ კიევისთვის გაგზავნილი დახმარება მეტი ზედამხედველობის საგანი უნდა იყოს და ქვეყანაში, სადაც კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავ სერიოზულია, ამ თანხების მოძრაობა სანდო და გამჭვირვალე უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს კიევმა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს?
ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ქვეყანა წუხდეს იმაზე, თუ როგორ იხარჯება მისი მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელების ფული უკრაინის დასახმარებლად. ეს ძალიან ბუნებრივი რამაა, იქნება ეს ამერიკაში, კანადაში თუ საფრანგეთში, არ აქვს მნიშვნელობა. რამაც შეიძლება ეს გაამწვავოს, ისაა, თუ რომელიმე ამ ქვეყანაში არჩევნებს ვუახლოვდებით და უკრაინის დახმარების საკითხი შეიძლება პოლიტიკურად დამაპირისპირებელ ფაქტორად იქცეს.
ყველაზე კარგი, რაც უკრაინას შეუძლია გააკეთოს ყველას იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს მხარდაჭერა სათანადოდაა გამოყენებული, არის ბრძოლა, ბრძოლის ველზე გამარჯვებების მოპოვება, მათი შენაერთების განადგურება, მათი განდევნა აღმოსავლეთიდან, ყირიმის იზოლირება და მისი დაბრუნება, რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ნაოსნობის შეზღუდვა - ბრძოლების მოგება იმისთვის, რომ დაარწმუნოს მოქალაქეები კანადაში, ამერიკაში, ევროპაში თუ სხვაგან, მთელი მსოფლიოს გარშემო, რომ ეს დახმარება, რომელსაც კიევს აწვდიან, აბსოლუტურად ზუსტად და სათანადოდაა გამოყენებული.
მეორე, რაც უნდა გაგრძელდეს, არის კორუფციასთან ბრძოლა. რადგან ერთ ამბავსაც კი, რომლის უარყოფასაც [მთავრობა] ვერ შეძლებს, ან რომელსაც არ ექნება სათანადო მიზეზი რის გამო მოხდა, ან რატომ არ იყო საკმარისად სწრაფად ზომები მიღებული, შეუძლია დასავლეთში ნდობა გაანადგუროს. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მმართველი გუნდი ძალიან გონივრულად უნდა მოიქცეს, უნდა ფოკუსირდნენ ამაზე, უნდა იყვნენ სრულიად არატოლერანტულები ყველას მიმართ, ვინც არასათანადოდ განკარგავს ამ დახმარების თანხას, ან არ გამოიყენებს შესაბამისად, ან იქიდან მოგებას ნახავს. ამის დაშვება უბრალოდ არ შეიძლება, არ აქვს მნიშვნელობა სად მოხდება, ამაზე დაუყოვნებლივ უნდა იყოს რეაგირება. ძალიან მიხარია იმის ნახვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ისინი ამას აკეთებენ და არ შემიძლია საკმარისად ძლიერად იმის ხაზგასმა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს.
რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვის მოთმინებასა და მხარდაჭერასაც შეიძლება ახლა ყველაზე მეტად სცდიდეს ვლადიმირ პუტინი? მოქალაქეებს, რომელთა გადახდილი გადასახადებითაც უკრაინის შეიარაღება ფინანსდება და ვისაც ხშირად ომის ირიბი გავლენის შედეგად გაზრდილ ინფლაციასთანაც უწევს გამკლავება?
პირველ ყოვლისა, ყველა ქვეყნის მოქალაქეს ვეტყოდი: ჩვენ ჩვენს საკუთარ დემოკრატიას ვიცავთ. ვიცავთ საერთაშორისო წესრიგს და სტაბილურ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ, ვვაჭრობთ, ვმუშაობთ და ურთიერთვთანამშრომლობთ, როგორც ქვეყნები. ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესს, უფლებას რომ ასე ვიცხოვროთ. ვიცავთ ამ ყველაფერს იმით, რომ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი შეჭრისგან. მეორეც, ინვესტიცია, რომელსაც ახლა ჩვენ გავცემთ, ბევრად იმაზე ნაკლები, ვიდრე რამდენის გაღებაც მოგვიწევდა, თუკი რუსეთი უკრაინას დაამარცხებდა და ახლა ნატოს საზღვრებთან იდგებოდა. მისი მზერა კი პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა თუ ლიეტუვის დაპყრობისკენ იქნებოდა მიმართული.
დიახ, ეს დიდი თანხაა, და გადასახადების ყველა გადამხდელს სურს დარწმუნებული იყოს, რომ თავიანთი შრომით გადახდილი თანხები პასუხისმგებლობითა გამოყენებული და მე მათ ვარწმუნებ, ეს ინვესტიცია ძალიან კარგადაა გამოყენებული. ის ეხმარება უკრაინას გადარჩეს და დაამარცხოს რუსები. ასევე მივმართავდი ისეთ ქვეყნებსაც, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა, არ შეეძლოთ მათი კიევისთვის შეძენა და გადაცემა. მოდით, მაშინ დავეხმაროთ მათ წვრთნებით, ჩავატაროთ 10-ჯერ იმაზე მეტი წვრთნები, ვიდრე ახლა ვატარებთ. მაგალითად, მოვუწოდებდი კანადას, გააკეთოს ეს და გაწვრთნას არა მხოლოდ ტერიტორიული თავდაცვის ძალები, არამედ ყველა, ვისზეც უკრაინა გვეტყვის, რომ მას ეს სჭირდება.