ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბრამოვიჩი და სეჩინი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში


ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ჩელსის საფეხბურთო კლუბის მფლობელს, რომან აბრამოვიჩს და იგორ სეჩინს, რუსული ნავთობგიგანტის, როსნეფტის აღმასრულებელ დირექტორს ვლადიმირ პუტინთან კავშირების გამო. მათი აქტივები გაყინულია და სამიგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.

ორი მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა და კიდევ ოთხი რუსი ოლიგარქი, ყველაზე გახმაურებული ბიზნესმენები არიან, რომლებიც ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ.

ეს ქმედება აფერხებს აბრამოვიჩის გეგმებს, პრემიერ ლიგის კლუბის გაყიდვის შესახებ, რაც ევროპის ამჟამინდელ ჩემპიონებს ფაქტობრივად, მთავრობის კონტროლის ქვეშ აქცევს. გუნდს შეუძლია გააგრძელოს თამაში, მაგრამ მთავრობამ განაცხადა, რომ ღიაა კლუბის გაყიდვისთვის.

“არ შეიძლება იყოს უსაფრთხო თავშესაფარი, სამოთხე მათთვის, ვინც მხარს უჭერდა პუტინის სასტიკ თავდასხმას უკრაინაზე. ჩვენ დაუნდობლები ვიქნებით იმათ დევნაში, ვინც უშვებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, საავადმყოფოების განადგურებას და სუვერენული მოკავშირეების უკანონო ოკუპაციას“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

სეჩინი, რომელსაც ბრიტანეთმა პუტინის მარჯვენა ხელი უწოდა, უკვე შედიოდა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიაში და გასულ კვირას საფრანგეთის ხელისუფლებამ მას იახტა ჩამოართვა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომელსაც მოსკოვი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, ბრიტანეთმა სანქციები დააწესა რუსეთთან დაკავშირებულ დაახლოებით 20 ფიგურაზე. ევროკავშირმა ოთხშაბათს ახალი სანქციები გამოაცხადა კიდევ 14 ოლიგარქის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვები ვრცელდება 862 ადამიანზე და 53 სუბიექტზე.

ბრიტანულ სანქცირებულთა სიას ასევე დაემატა დერიპასკა, რომელსაც აქვს წილები En+ Group-ში, დიმიტრი ლებედევი, ბანკ როსიას თავმჯდომარე, ალექსეი მილერი, ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორი და ნიკოლაი ტოკარევი, რუსეთის სახელმწიფო მილსადენი კომპანიის პრეზიდენტი.

გასულ კვირას, აბრამოვიჩმა გამოაცხადა, რომ გაყიდის საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” და გაყიდვიდან მიღებულ ფულს უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიღებს. ჯონსონის სპიკერმა თქვა, რომ მთავრობა ღიაა კლუბის გაყიდვისთვის, თუმცა განმარტა, რომ ამ გაყიდვით აბრამოვიჩი ვერ ისარგებლებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG