ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: რუსეთს ახალ სანქციებს ვუწესებთ


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრი სახლიდან სპეციალური მიმართვა გააკეთა და რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების შესახებ ისაუბრა. ბაიდენმა თქვა, რომ "პუტინი აგრესორია, პუტინმა აირჩია ეს ომი და ახლა ის და მისი ქვეყანა შედეგებს იწვნიან".

სანქციების ახალი ნაკადი მოიცავს ოთხ რუსულ ბანკს, ოლიგარქებსა და პუტინთან დაახლოებულ პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს. ასევე მაღალტექნოლოგიურ სექტორს. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დაბლოკავენ ოთხი მსხვილი რუსული ბანკის აქტივებს, დააწესებენ ექსპორტის კონტროლს და სანქციებს დაუწესებენ ოლიგარქებს.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ დამატებით ძალებს განათავსებს გერმანიაში ნატოს გასაძლიერებლად. თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვებიან. ისინი ევროპაში, ნატოს მისიის გასაძლიერებლად მიდიან და თუ პუტინი გასცდება უკრაინას და ნატოს კუთვნილ მიწაზე გადავა, მაშინ "ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყველა ინჩს [სანტიმეტრს]".

ყველაზე მეტად პრეზიდენტ ბაიდენის დღევანდელი გამოსვლისას ჟურნალისტები და საზოგადოება ელოდნენ პასუხს იმაზე, გათიშავს თუ არა დასავლეთი რუსეთს SWIFT-ის სისტემიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პირდაპირ ითხოვდა, რუსეთის ამ პროგრამიდან ამოგდებას, ბაიდენმა თქვა, რომ რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას ევროპული სახელმწიფოები, ამ ეტაპზე, არ ემხრობიან.

ამ ეტაპზე, ასევე არ დაუწესდა პირადი სანქციები ვლადიმირ პუტინს. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ეს თემა კვლავ განიხილება, თუმცა ახლა ეს სანქციები ძალაში არ შესულა.

ამერიკამ სანქციების პირველი ტრანში რამდენიმე დღის წინ დაუწესა რუსეთს. მაშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ თუ რუსეთი განაგრძობდა სიტუაციის ესკალაციას, მაშინ სანქციებიც გამკაცრდებოდა. დღევანდელი სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ სანქციები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბით და მოკლე, და გრძელვადიანი გავლენით.

XS
SM
MD
LG