თეთრი სახლი მოსკოვს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის ქვეყნის დედაქალაქში კეთილგანწყობილი დახვედრისთვის აკრიტიკებს. თეთრი სახლის განცხადებით, ამგვარი ქმედება არ მოდის შესაბამისობაში კრემლის მიერ დასახულ მიზანთან, რომელიც სირიაში პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ასადმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენციამ სირიაში ტერორიზმის კიდევ უფრო მეტად გავრცელება შეაჩერა. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მის წინააღმდეგ ამბოხებულ ქვეყნის მოსახლეობას ტერორისტებს უწოდებს.
რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული იერიშების შემდეგ, პრეზიდენტ პუტინის რეიტინგი საკუთარ ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა და მისი პოპულარობა გამოკითხვების სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, 90 პროცენტს მიუახლოვდა. მოსკოვმა სირიაში სამხედრო ოპერაციები 3 კვირის წინ დაიწყო. კრემლი თავიდან აცხადებდა, რომ იერიშებს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე მიიტანდა. თუმცა, მოგვიანებით პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე ამბოხებულთა ჯგუფებსაც დაესხა თავს, რომელთა შორის ისინიც არიან, ვისაც დასავლეთის კოალიცია ეხმარება.