ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში წამების ფაქტები ფიქსირდება


ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - „ჰიუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი აწამა 2011 წლის მარტში სირიაში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების დაწყების შემდეგ. უფლებადამცველი ორგანიზაციის ახალი ანგარიშის სახელწოდებაა „წამების არქიპელაგი“, სადაც 200-მდე ყოფილ პატიმართან და უსაფრთხოების ძალების თანამშრომელთან ჩაწერილი ინტერვიუებია შესული. ანგარიშში წამების 20-მდე კონკრეტული მეთოდის დახასიათება ხდება, მათ შორის ხელკეტებით ცემა, ელექტროშოკით წამება, ფრჩხილების დაძრობა, სქესობრივი ძალადობა, დაწვა მჟავით, სტრესული სიტუაციების ხანგრძლივი დროით გაგრძელება და სიკვდილით დასჯის სიმულაციები.

„ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის თანახმად, ხდება დაკავების 27 ცენტრის იდენტიფიცირება მთელი სირიის მასშტაბით. ამ ცენტრებში, ანგარიშის მიხედვით და მსხვერპლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პატიმრებს სისტემატურად აწამებდნენ. ანგარიშს თანდართული აქვს წამების ცენტრების თანამგზავრიდან გადაღებული სურათები. ასევე, დასახელებულია საველე მეთაურების სახელებიც. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი, ოლე სოლვანგი ამბობს, რომ სირიის ხელისუფლება „წამების ცენტრების ქსელს იყენებს“, რათა მთავრობის მოწინააღმდეგეები დააშინონ.

ორგანიზაციის განცხადებით, მსხვერპლთა უმრავლესობა 18-35 წლამდე მამაკაცები არიან. „ჰუმან რაითს ვოჩმა“, ასევე, ჩაწერა ინტერვიუები ქალებთან, ხანდაზმულ ადამიანებთან და ბავშვებთან, რომლებსაც წამება ასევე შეეხოთ. მაგალითად, გამომჟღავნდა 13 წლის ჰოსამის შემთხვევა, რომელიც ქალაქ თალ-კალაკში 2011 წლის მაისში დააკავეს. დაკავების პერიოდში, მას მუცლის არეში ელექტროშოკით აწამებდნენ და ფრჩხილებს ბრტყელტუჩით აძრობდნენ.

ანგარიშში მოყვანილია კიდევ ერთი მსხვერპლის შემთხვევა. ეს ადამიანი, პროფესიით ექიმი, დემონსტრანტებისთვის სამედიცინო დახმარების გამო იქნა დაკავებული. ამა წლის თებერვალში, მან „სი-ენ-ენს“ განუცხადა, რომ საპირფარეშოში დახრჩობის სიმულაციის შემთხვევებს გადაურჩა და სასქესო ორგანოებზე ელექტროშოკით 45 დღის განმავლობაში უძლებდა ზეწოლას. ამასთან ერთად, ციხის ის საკანი, სადაც ის იმყოფებოდა და რომელიც 60 პატიმარზე იყო გათვლილი, 130 ადამიანი იყო შესახლებული.

ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული ბარბაროსული ქმედებები შემაშფოთებელია. ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სასამართლოს წინაშე უნდა აგონ პასუხი. გაეროს ელჩის, კოფი ანანის პრინციპები და მისი სქემა სირიაში ძალაუფლების გადაცემის მიზნით, ამ დროისთვის საუკეთესო გამოსავალია სირიაში სისხლისღვრის, ტირანიისა და სისასტიკის დასასრულებლად. ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ სირიელი ხალხი თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ხელისუფლებას იმსახურებს, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს და კანონის უზენაესობის პრინციპებს იცავს.
XS
SM
MD
LG